რას გულისხმობს თვითმმართველობის რეფორმა – გაერთიანდება თუ არა მუნიციპალიტეტები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი თვითმმართველობის დაგეგმილ რეფორმას აჟიოტაჟის საგნად არ მიიჩნევს და თვლის, რომ მმართველობის წესი სერიოზულ რეფორმირებას მოითხოვს.
როგორც პარტია „სოციალ – დემოკრატების“ თავმჯდომარემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უფრო ოპტიმალური იქნება იმ ფუნქციების განხორციელება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შედის. ამ მიზნით კი შესაძლოა, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საზღვრები შეიცვალოს და გარკვეული გაერთიანებები მოხდეს.
„საკრებულოებმა განხილვა დაიწყეს. ეს საკითხი განიხილება ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლობითი ორგანოების მონაწილეობით. ჩვენ რეფორმირების პროცესში ვიმყოფებით. ვითარება იცვლება, გამოცდილება გარკვეულ შედეგებს გვაძლევს, ამიტომ ცხადია, შეიძლება კორექტივები შევიტანოთ. ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უფრო ოპტიმალური იქნება იმ ფუნქციების განხორციელება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შედის.
არავინ მერობის არჩევითობას არ აუქმებს, ეს ტყუილია, ლაპარაკია საზღვრების ცვლილებაზე, ვთქვათ, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებაზე და ასე შემდეგ. მაგალითად, რატომ უნდა იყოს ამბროლაური თვითმმართველი ქალაქი და ზესტაფონი არა, რომელიც ბევრად უფრო ურბანულია თავისი შინაარსით.
მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უფრო ოპტიმალური იქნება საზღვრების განსაზღვრა. ჩვენ გვინდა სოფლებისა და ქალაქების დაახლოება, ამის გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამ საკითხის გარშემო, ისე როგორც ბევრი სხვა საკითხის გარშემოც, ზედმეტი აჟიოტაჟი იქმნება. ეს ერთეულები მეტ-ნაკლებად ერთიანად ფუნქციონირებდა ისტორიულად, ეკონომიკურად.
მაგალითად ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის თემის მუნიციპალიტეტი. ერთიანი პოლიტიკის გატარება შეიძლება უფრო ოპტიმალური იყოს. ცალკე არის ბაღების, კულტურის, სხვადასხვა ტიპის სიპები თუ აიპები, სამსახურები, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებშია. მიზანშეწონილია, რომ ერთმა სამსახურმა განახორციელოს ამის მართვა. ეს ოპტიმალური იქნება ფინანსურადაც, ერთიანი პოლიტიკის თვალსაზრისითაც და სოფლისა და ქალაქის დაახლოების კუთხითაც. არასწორია იმაზე ლაპარაკი, თითქოს ამ ცვლილებებით დემოკრატია იზღუდება. სადაც არ არის თვითმმართველი ქალაქი, იქ დემოკრატია შეზღუდულია? მთლიანობაში ჩვენი მმართველობის სისტემა სერიოზულ რეფორმირებას მოითხოვს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები