ფარცხალაძის ადვოკატები: როდესაც თორდია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს, სჯობს კანონს გადახედოს

“ბატონი თორდია არ გახლავთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ან ხელისუფლების წარმომადგენელი, ასე, რომ გამოძიება სსსკ-ის 325-ე ან 353-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდებოდა”, – ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
გაგი მოსიაშვილმა იმ პირებს, რომლებიც საქმის აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებას ითხოვენ, კანონში ჩახედვისკენ მოუწოდა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ შემთხვევის დღიდან პრაქტიკულად, დღემდე ისეთი უზენაესი ღირებულებების მასშტაბურ დარღვევას, როგორიც გახლავთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. სამწუხაროდ, გარკვეული პირები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები ბატონი თორდიას ვერსიას ახმოვანებენ, როგორც დადასტურებულ ფაქტს, მოიხსენიებენ ბატონ ოთარ ფარცხალაძეს, როგორც დანაშაულის ჩამდენს, კანონის სივრციდან გასულ პირს, საუბრობენ მის ვითომდა კორუფციულ გარიგებებზე და ა.შ. მოგიწოდებთ ყველას, ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და გავუფრთხილდეთ ამ ღირებულებას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ თითქოსდა, გამოძიება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსსკ-ის 325-ე ან 353-ე მუხლით, საზოგადოებას ვამცნობთ, რომ ბატონი თორდია არ გახლავთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ან ხელისუფლების წარმომადგენელი და ამ მუხლებით გამოძიება ვერ დაკვალიფიცირდებოდა. ვთხოვთ ყველას, განცხადების გაკეთებამდე გადახედონ კანონს“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია თვლის, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო 353-ე პრიმა მუხლით, რაც ნიშნავს ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები