გარემოს ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით შვეიცარიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის – „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით შვეიცარიელი ექსპერტები მარკუს ციმერმანი და რიკარდა ბენდერგალი იმყოფებოდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპერტებმა სააგენტოს გეოლოგიის და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს; განხორციელდა საველე ექსპედიციები საპროექტო მუნიციპალიტეტების – ჩოხატაურის, ვანის, ბაღდათის და ქობულეთის ტერიტორიებზე.

ექსპედიციის ფარგლებში, კურორტ ბახმაროზე შვეიცარიელმა ექსპერტებმა, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში შემუშავებული თოვლის ზვავების საფრთხის რუკები და აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის სამომავლო საკითხები ადგილზე განიხილეს.

ამავე ექსპედიციის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის, ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესებით განსაკუთრებით დაძაბული უბნების ვიზუალური დათვალიერება განხორციელდა.

პროექტი „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2“ დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას საქართველოში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები