საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას „შინაგან საქმეთა უწყებების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის თაობაზე“. როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, ხოლო ახლა საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა, რომლებსაც ინტეგრაციის შესახებ 2014 წლის ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მკაფიო დასტურს.
„ე.წ. შეთანხმება სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა. ეს არის რუსეთის ფედერაციის გამიზნული ქმედება, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, ასევე, ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მტკიცე და კონსოლიდირებული საერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პრევენციისა და დეოკუპაციის მიზნით“, -აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები