საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ნიდერლანდების სამეფოს გენერალურ პროკურორს და გენერალურ პროკურორთა საბჭოს თავმჯდომარეს გერიტ ვან დერ ბურგს, გენერალურ პროკურორთა საბჭოს წევრ ალბერტ ვან ვაიკს, მთავარ საჯარო პროკურორს და საგარეო საქმეთა ბიუროს თავმჯდომარეს ალბერტ ვან დე კერკს, ეროვნული საჯარო პროკურატურის თაღლითობის, ეკოლოგიური დანაშაულებისა და აქტივების კონფისკაციის მიმართულებით საჯარო პროკურორს მაარტენ ვან დერ ზვანს და პროკურორთა ეროვნული სამსახურის მთავარ საჯარო პროკურორს ფრეგ ვესტერბეკეს შეხვდა.
როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
უწყების ინფორმაციითვე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, გენერალური ინსპექციის უფროსი ბაკურ აბულაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი შედიან, ნიდერლანდების სამეფოს პროკურატურის სისტემას, ნიდერლანდების პროკურატურაში თანამშრომლების აყვანის, დაწინაურებისა და დაქვეითების, პროკურატურის თანამშრომელთა შეფასების წესებს გაეცნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ციფრული ვალუტის, ე.წ. „ბიტკოინების“ გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჰოლანდიური მხარის გამოცდილების შესახებ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში 18 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები