ფარცხალაძე-თორდიას შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კამათი მოჰყვა

​საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროს სხდომაზე კამათის საგანი გახდა. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველ ეტაპზევე ჩნდება კითხვის ნიშნები, გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით, რის გამოც, საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, „იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებული იმუნიტეტით სარგებლობს, მომხდარი ინციდენტი საზოგადოებასა და მოქალაქეებში დაუცველობისა და დაუსჯელობის განცდას აჩენს“. ​
საპარლამენტო უმცირესობის წინადადება გაიზიარა ფრაქცია ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, „იმ ფონზე, როდესაც ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სახლში სტუმრობენ ოთარ ფარცხალაძეს და ანგარიშს აბარებენ მას, გამოძიების სანდოობა ეჭვქვეშ დგება“.
ოპოზიციონერი კოლეგების შეთავაზება არ გაიზიარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, რომელმაც ოპოზიციას პარლამენტის რეგლამენტზე მიუთითა და განმარტა, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას, თუკი გამოძიების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები