ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში ახალი მედიათეკა გაიხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან და „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში ახალი მედიათეკა გახსნა.
გიორგი ალიბეგაშვილი ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებისკენ არის მიმართული.
„თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც მერიის ინიციატივით 2013 წელს გაიხსნა და კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს.
მედიათეკების გაერთიანება, რომელიც თავის წევრებს წიგნების (სხვადასხვა ენაზე) მუდმივად განახლებად ფონდს სთავაზობს, სტუმრებს ელექტრონულ რესურსებთან წვდომის საშუალებას აძლევს, ხოლო ბავშვებისა და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს ახორციელებს.
მედიათეკის წევრობა ფასიანია და, ამ დროისთვის, დედაქალაქში უკვე სამი – ვაკის, ვარკეთილის და ნაძალადევის ფილიალი ფუნქციონირებს, სადაც 20 000-მდე წიგნი ინახება.
ახალი მედიათეკის გახსნას საკრებულოს წევრები- ნუგზარ მალაღურაძე და გულიკო ზუმბაძე, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილ და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები