საქართველოს რეგიონებში კონსტიტუციური გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება

 

„ჩვენი ამოცანა იყო დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის  დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად გარდაქმნა, ეს სისტემა კი ოთხ ძირითად   ელემენტს – ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს ეფუძნება. ამ ოთხივე ელემენტს უზრუნველყოფს ის ცვლილებები, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ არის შემოთავაზებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თელავში, კახეთის რეგიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, ადგილობრივებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლის დეკემბრის შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ოთხთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტის ახალი რედაქცია, რომელიც მოქმედი კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებებს მოიცავს.

„დღეს მოქმედი კონსტიტუცია, პირველ რიგში, კონსტიტუციურ პრინციპებთან სამართლებრივ წინააღმდეგობაშია, რასაც ვენეციის კომისია 2010 წლის დასკვნაშიც აღნიშნავდა.  მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი კონსტიტუციით სახეზე გვაქვს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩვენ ამოცანად დავისახეთ ამ დაუხვეწავი სისტემის დახვეწილ საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა. ასევე მოქმედი რედაქციაში იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით დასახვეწია და უამრავ ტექნიკურ და გრამატიკულ შეცდომებს მოიცავს. ჩვენ დავისახეთ ამოცანად ამ სამი ცვლილების უზრუნველყოფა და ვფიქრობ, რომ იმ სამუშაო პროცესით, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გასწია, სამივე ამოცანა დაძლეულ იქნა. სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. სწორედ ეს ოთხი ძირითადი მიმართულება ყალიბდება კონსტიტუციის ახალი რედაქციის საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას კონსტიტუციური პროექტის ახალი ნორმები თავების მიხედვით გააცნო და იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც მოქმედ კონსტიტუციაში არ იკითხებოდა. კონსტიტუციის პირველი თავის განმარტებისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული თავით განმტკიცებულია კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები, სადაც საუბარია ოთხ ძირითად პრინციპზე – დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები. მისივე განმარტებით, აღნიშნული პრინციპები მოქმედ კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაკარგული იყო და ცვლილებების შედეგად თითოეულ პრინციპს ქვეყნის უზენაეს კანონში ცალკე თავი დაეთმო, რაც კონსტიტუციურ დონეზე კიდევ უფრო გამყარდა.

რაც შეეხება მეორე თავს, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება, ამ ნაწილშიც ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. „კონსტიტუციის მეორე თავით გაზრდილია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი და დადგენილია ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც დღემდე საერთოდ არ იყო გარანტირებული ან მხოლოდ არაპირდაპირი სახით იყო წარმოდგენილი. ასეთი ძირითადი უფლებებია ფიზიკური ხელშეუხებლობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, შშმ პირთა უფლებები ცალკე გარანტირებულ უფლებად ყალიბდება, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, მეწარმეობის თავისუფლება და სხვა. გარდა ამისა გაზრდილია ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ფინანსებისა და კონტროლის მომწესრიგებელ თავსაც შეეხო და განმარტა, რომ კომისიამ ის რეკომენდაციები გაიზიარა, რომლებიც აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის და სხვა შესაბამისი სამსახურების მიერ იქნა წარმოდგენილი. მანვე თავდაცვისა და უსაფრთხოების თავში შეტანილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბუნდოვანება, რომელიც საომარი მდგომარეობის  და საგანგებო ვითარების გამოცხადების საკითხებს შეეხებოდა, ახალი რედაქციით მკაფიოდ გაიწერა და სამართლებრივად მოწესრიგდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები და ახალი გარანტიები ადგილობრივი თვითმმართველობის თავსაც შეეხო, ასევე შეიცვალა კონსტიტუციის გადასინჯვის წესები. „კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა, რომლითაც კონსტიტუციურ ორგანოებს ევალებათ მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც უკვე მკაფიოდ არის გაწერილი ქვეყნის ძირითად კანონში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველობის ძირითად საკითხებზეც ისაუბრა და ყურადღება საპარლამენტო მმართველობის ახალ  მოდელში მოცემულ ოთხ ძირითად ელემენტზე –  ძლიერ პარლამენტზე, ქმედით მთავრობაზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე და ზეპარტიულ პრეზიდენტზე გაამახვილა. ირაკლი კობახიძემ მმართველობის სისტემის თითოეულ შტოზე დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით ძლიერდება პარლამენტის როლი და ეს ცვლილებები, პირველ რიგში, ოპოზიციის გაძლიერებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ ფრაქციებს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალება ეძლევა. ასევე იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ხარისხი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. „მთავარი და ფუნდამენტური ცვლილება, რაც განსაზღვრავს პარლამენტის გაძლიერებას, დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან. დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, იცვლება სუფთა პროპორციული სისტემით, რაც დღევანდელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნებაა და პირველად ხდება საქართველოში ის, რომ მმართველი პარტია თავისი ხელით იუარესებს პოლიტიკურ პოზიციებს და ყოველივე ეს ქვეყნის ინტერესების დასაცავად ხდება“, – განაცხადა საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ პროპორციული სისტემის სამ ძირითად ელემენტზე ისაუბრა და მათი მნიშვნელობა განმარტა. მისი განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით უქმდება საარჩევნო ბლოკები, რაც მისივე შეფასებით, პოლიტიკური პარტიების სისტემის განვითარების დაბრკოლებას წარმოადგენს. ასევე  პოლიტიკური პარტიებისთვის 5% საარჩევნო ბარიერი დგინდება და მესამე, ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, გაუნაწილებელ ხმებს და მანდატებს გადასცემს და აქ საუბარია მხოლოდ ერთნიშნა მცირე დანამატზე, რომელიც სტაბილური პოლიტიკური პროცესების უზრუნველსაყოფად დგინდება.

ახალი მმართველობის მოდელზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მიმართ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, მთავრობა წარმოადგენს ერთადერთ ორგანოს, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და წარმოდგენილ მმართველობის სისტემაში მას იგივე ფუნქცია-მოვალეობები უნარჩუნდება. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვნად იზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და მთელი რიგი გარანტიები კონსტიტუციურ დონეზე მყარდება. ცვლილებების შედეგად ასევე ფუნქციურად გაძლიერდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატებს წარუდგენს. რაც შეეხება პროკურატურას – იგი აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოეყოფა და დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდება.

ირაკლი კობახიძემ ახალ მმართველობის სისტემაში მოცემულ მეოთხე ელემენტზე – ზეპარტიულ პრეზიდენტის ინსტიტუტზეც ისაუბრა და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილება არსებითად იგივე რჩება. მისი განცხადებით, პრეზიდენტის სტატუსის განმსაზღვრელი უფლებები, რაც წარმოდგენილია სახელმწიფოს მეთაურით, უმაღლესი მთავარსარდლით და საგარეო ურთიერთობებში საქართველოს წარდგენით, უცვლელია, რაც შეეხება კომპეტენციების ნაწილის მცირეოდენ ცვლილებებს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პრეზიდენტის ნაცვლად მოსამართლეთა კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციით განისაზღვრა და ასევე უქმდება უშიშროების ეროვნული საბჭო. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი იმ მმართველობის  ჭრილში უნდა გადაწყდეს, რომელიც ქვეყანაში ყალიბდება. ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა მმართველობის სისტემაში პრეზიდენტის არჩევნების ნიუანსებს შეეხო და განსხვავებული ვარიანტები განიხილა. მისი შეფასებით, საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში არაპირდაპირი გზით არჩევნების ჩატარება ყოველთვის უფრო სასურველ შედეგს იძლევა, ვიდრე პირდაპირი არჩევნების ჩატარება, რომელიც გარკვეულ რისკებს მოიცავს. „ჩვენ გადავწყვიტეთ უმჯობესია გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე. მთავარია ხალხი ირჩევდეს იმ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის მართვაზე, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების დაკომპლექტებაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, თელავის დრამატულ თეატრში გამართული შეხვედრა საორგანიზაციო კომისიის წევრების გამოსვლებით და ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებით და მოსაზრებებით გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები