„ნებისმიერ ფიზიკურ პირს დღეს შეუძლია, მიმართოს ფილარმონიის ადმინისტრაციას და სასურველ პირს გაუხსნან ვარსკვლავი“

„თუ კონკრეტული პირი, ან პირთა ჯგუფი ვარსკვლავის გახსნის თხოვნით მიმართავს ფილარმონიის ადმინისტრაციას და თუ ისინი ამ თხოვნას დააკმაყოფილებენ, კანონით შეზღუდვა არ არსებობს, შესაძლებელია, ნებისმიერი ადამიანის ვარსკვლავი გაიხსნას“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
კობახიძის თქმით, კანონში ამ კუთხით სრული ვაკუუმია და არ არის დარეგულირებული, ვის შეუძლია ვარსკვლავის გახსნა მოითხოვოს ან რა კრიტერიუმები უნდა იყოს ვარსკვლავის გახსნისთვის დაკმაყოფილებული. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორშაბათს კულტურის სფეროს, მერიის, კულტურის პალატის და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, იმ კრიტერიუმების შესახებ იმსჯელებს, რომელიც კანონში უნდა გაიწეროს და რაც მომავლისთვის ვარსკვლავის გახსნისთვის აუცილებელი წინაპირობა გახდება.
„ ცნობილი ადამიანებისთვის, ვარსკვლავების გახსნის კუთხით, კანონში ვაკუუმია. არ არის დარეგულირებული, თუ რა კრიტერიუმით შეიძლება მიენიჭოს ვარსკვლავი ამა თუ იმ დამსახურებულ ადამიანს. 2000 წელს მერიის სამსახურებს და მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის იყო წერილობითი კომუნიკაცია და ფილარმონიის ხელმძღვანელობას მიენიჭა უფლება, თავად გადაეწყვიტა, ამა თუ იმ მიმართვის შემთხვევაში, დააკმაყოფილებდნენ თუ არა მოთხოვნას, რომელიმე პირისთვის ან ანსამბლისთვის ვარსკვლავის გახსნის თაობაზე. კანონით არ არის დარეგულირებული თუ ვინ შეიძლება მიმართოს და რა კრიტერიუმით უნდა გაიხსნას ვარსკვლავი. თუ ფილარმონიის ადმინისტრაცია მოგვცემს უფლებას, შეიძლება ავდგეთ და ჩვენი ახლობლების და მეგობრების ვარსკვლავებიც კი გავხსნათ. ამ ვაკუუმით უკვე უფასურდება იმ დამსახურებული ადამიანების ღვაწლი, რომელთაც ვარსკვლავები გაუხსნეს და უხსნიან. ამ საკითხთან დაკავშირებით, ორშაბათს საკრებულოში იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართება, მოწვეული იქნებიან საზოგადოების გამოჩენილი წევრები, კულტურის პალატის ხელმძღვანელი, მერიის კულტურის სამსახური. კომუნიკაცია გვექნება, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, რომ მათი წარმომადგენელიც დაესწროს სხდომას და ერთობლივად მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, თუ რომელ პირს და რა დამსახურებისთვის უნდა გავუხსნათ ვარსკვლავი. დღეს ნებისმიერ შპს-ს, ინდმეწარმეს თუ ფიზიკურ პირს შეუძლია, მიმართოს წერილობით ფილარმონიის ადმინისტრაციას და ნებისმიერ პირს გაუხსნან ვარსკვლავი, თუკი ამაზე თანხმობას განაცხადებს ფილარმონიის ადმინისტრაცია“, – განაცხადა თედო კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები