პატრიარქი: დღეს განსაკუთრებული დღეა – აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი ქრისტიანები ეწამნენ აჭარაში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი ჩაატარა. პატრიარქმა ანდრია პირველწოდებულის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, პირველი ქრისტიანები აჭარაში ეწამნენ, რადგანაც ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად აჭარიდან შემოვიდა.
“ანდრია პირველწოდებული არის, რადგან პირველად მას მოუწოდა მაცხოვარმა, რომ ყოფილიყო მოციქული უფლისა. ეს არის ის დღე, ის დრო, ის ჟამი, როცა ანდრია პირველწოდებული შემოვიდა საქართველოში, კერძოდ, აჭარაში. ასე რომ, აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი ქრისტიანები ეწამნენ აჭარაში. დღეს მათი ხსენებაც არის. წმინდა გიორგი მთაწმინდელი შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს და პატრიარქმა მოუწოდა მას, რომ ემოქმედა, საქართველოს ეკლესია უნდა ემორჩილებოდეს ანტიოქიასო. გიორგი მთაწმინდელმა მოუწოდა, მომეცით მე ცხოვრება წმინდისა ანდრია პირველწოდებულისაო და წაუკითხა ის ადგილი, სადაც ანდრია პირველწოდებული ქადაგებდა პირველად საქართველოში. ამის შემდეგ ყველამ მიიღო, რომ საქართველოს ეკლესია უნდა ყოფილიყო ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესია. დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომ აღავლინოს ლოცვა წინაშე ღვთისა, რათა მშვიდობა სუფევდეს მის მამულში – საქართველოში. თქვენ იცით, რომ შემოსვლის წინ, საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ, როგორც პატრონმა საქართველოსი – საქართველო მისი წილხვედრია – მიიდო სახეზე ფიცარი და გამოისახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე. იმდენად იმოქმედა ამან მორწმუნე ხალხზე აჭარაში, რომ აჭარიდან აღარ უშვებდნენ მოციქულს და როცა ანდრია პირველწოდებულმა უთხრა, რომ მე ვარ გამოგზავნილი მოსაქცევად საქართველოსი ღვთისმშობლის მიერ, მაშინ უთხრეს, ხატი მაინც დაგვიტოვეო. ანდრია პირველწოდებულმა მოატანინა მეორე ფიცარი, მიადო ხატს და იქაც გამოისახა იგივე ღვთისმშობლის ხატი და ის დაუტოვა აჭარას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა და ანდრია პირველოწდებულის ლოცა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს! ინებოს უფალმა, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები