ირაკლი კობახიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გვექნება ახალი კონსტიტუციური ჩანაწერები, რომელიც შექმნის ძალიან მყარ კონსტიტუციურ გარანტიებს ადვოკატის უფლებების განხორციელებისთვის და ამ პროფესიის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნეს.
ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო ადვოკატის პროფესიის მიმართ. ადვოკატები საქართველოში, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, რაც მთავარია, ხელისუფლების გაწონასწორების თვალსაზრისით ამ კუთხით ადვოკატის პროფესიას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ადვოკატებმა რთული წლები გამოიარეს და ხშირად, დიდი რისკის ფასად უწევდათ ადამიანის უფლებების დაცვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველა პირობა შეიქმნას იმისთვის, რომ ადვოკატებს საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების საშუალება მიეცეთ. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, ადვოკატთა უფლებების განხორციელებისთვის მყარი კონსტიტუციური გარანტიები იქმნება.
„საქართველოში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადვოკატებმა ძალიან რთული წლები გამოიარეს, მათ ხშირად ძალიან დიდი რისკის ფასად უწევდათ ადამიანის უფლებების დაცვა და ზრუნვა დემოკრატიული ფასეულობების დაცვაზე, ეს იყო ქართული რეალობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს შევქმნათ ჩვენ ყველა პირობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება. ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ საკონსტიტუციო პროექტზე, რომლითაც იზრდება ადვოკატის გარანტიები კონსტიტუციის ახალი რედაქციით. აქ არის მნიშვნელოვან დამატებებზე საუბარი, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ძირითადი უფლებების რანგშია უკვე აყვანილი ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლება და ასევე, ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება. გვექნება ახალი კონსტიტუციური ჩანაწერები, რომელიც შექმნის ძალიან მყარ კონსტიტუციურ გარანტიებს ადვოკატის უფლებების განხორციელებისთვის და ამ პროფესიის დასაცავად, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული ნაბიჯი და ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს უახლოეს მომავალში ეყრება კენჭი საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა და განაცხადა, რომ ადვოკატთა უფლებების დაცვა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვას ნიშნავს.
„მინდა, საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ დავადასტურო მზადყოფნა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საქართველოს პარლამენტი მზადაა, რომ ყველა ზომა მიიღოს, მათ შორის, საკანონმდებლო ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატთა საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და დაცული იყოს ადვოკატების უფლებები საქართველოში. ადვოკატთა უფლებების დაცვა ნიშნავს თითოეული ადამიანის უფლებების დაცვას და ნიშნავს დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, მარია სლაზაკმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში – ნილს სკოტმა, მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა (ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში), პიტერ დანისმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.
გამომსვლელებმა ადვოკატის პროფესიის მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნეს.
„მქონდა პატივი, მომესმინა საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლისთვის. ეს იყო ამ პროფესიის უკიდურესად მხარდამჭერი გამოსვლები. ყველა ქვეყანაში ასე არ ხდება.ძალიან სასიამოვნო იყო, მომესმინა ხელისუფლებისგან, რომ ასე კარგად ესმით ადვოკატების როლის მნიშვნელობა და მათ ასე უჭერენ მხარს”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მარია სლაზაკმა.
ღონისძიებას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაესწრო.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონფერენცია- „იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევები” ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენციის მონაწილეები იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევებსა და ამ სფეროში საერთაშორისო პრაქტიკაზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები