„ჩემმა ნამუშევრებმა უიმედოდ დაავადებულნი განკურნა“ – ხელოვანი, რომელმაც მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

„ჩემი მუზა საქართველოში დარჩა“

4 წლისამ  პირველი „სერიოზული“ ნამუშევარი დახატა. სკოლის პერიოდში, უინტერესო გაკვეთილზე, მერხში ცარცის ნატეხი აღმოაჩინ და თვითონაც არ იცის, რატომ, ქინძისთავით მასწავლებლის პორტრეტი დახატა. 17 წლის ასკში უკვე სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა,  სადაც არაჩვეულებრივი მეგობრები და  პროფესორ-მასწავლებლები შეიძინა.
მერე ისე მოხდა, რომ სამშობლოს დატოვება მოუწია. უკვე 20 წელზე მეტია, ნიუ-იორკში მოღვაწეობს. ათასზე მეტი  ფერწერული, გრაფიკული, რელიეფური ნამუშევრები და ქანდაკებები შექმნა.
ამბობს, რომ სიშორის მიუხედავად, წუთით არ ცხოვრია უსამშობლოოდ.
ემზადება სერიოზული გამოფენისთვის და საქართველოსთვის ორ დიდ პროექტს ამზადებს. – მხატვარ ელისო წიკლაურის პერსონა.


– დავიბადე „ზემელზე“ (ახლა იქ ფოსტის შენობა დგას), ეგრეთ წოდებულ იტალიურ, მრავალეროვან ეზოში, სადაც სითბო და კეთილგანწყობა სუფევდა. მე უფრო ოთახის ბავშვი ვიყავი და იშვიათად ჩავდიოდი ეზოში, მაგრამ ეზოს ბავშვებთან დღემდე ვმეგობრობ. 7 ნოემბერსა და 1 მაისს, მთელი ეზოს ბავშვები ჩვენს აივანზე ვიღებდით აღლუმს.
დედა პროფესიით პედაგოგი იყო, მაგრამ შვილები რომ შეეძინა, აღარ უმუშავია. მამა – იურისტი იყო, ჩემზე ბევრად უფროსი დები მყავდა და ყოველთვის ზრუნავდნენ ჩემზე. განსაკუთრებით – უფროსი და თინა, რომელიც ჩემი მეორე დედა იყო. ძალიან განსხვავებულები ვიყავით და პროფესიებიც განსხვავებული ავირჩიეთ. თინა ჟურნალისტი იყო, ტელევიზიაში რედაქტორად მუშაობდა. დინარა კი ინჟინერი, უზომოდ შეყვარებული თავის საქმიანობაში. ალბათ, ამიტომაც გახდა დარგის საუკეთესო სპეციალისტი მთელ კავშირში.
 ბავშვობიდან ხატავდით…
– 3 წლისა უკვე დამოუკიდებლად ვკითხულობდი წიგნებს და პარალელურად ვხატავდი, მაგრამ პირველი „სერიოზული“ ნამუშევარი 4 წლის ასაკში დავხატე. ეს იყო კინოთეატრ „სპარტაკში“ ჩემი პირველი ვიზიტის შთაბეჭდილება. ფილმი არ მახსოვს, მაგრამ რომ დავბრუნდი, მთელი კინოდარბაზი, სცენა დავხატე, ეკრანზე ფილმი გადიოდა, დარბაზი რიგებით და სკამებზე მსხდომი ხალხით, იარუსი, შემოსავლელი კარები კაპელდინერით, გამოსავლელი გზით და ნაყინის გამყიდველით. ახლა რომ ვუყურებ ჩემს ნამუშევრებს, ვხვდები, რომ ხედვა და აღქმა თავიდანვეა ადამიანში ჩადებული.
სკოლაში წასვლის შემდეგ, საერთოდ აღარ ვხატავდი. მეცხრე კლასში, უინტერესო გაკვეთილზე, მერხში ცარცის ნატეხი აღმოვაჩინე და მეც არ ვიცი, რატომ, ქინძისთავით მასწავლებლის პორტრეტი დავხატე. ბავშვებს ნამუშევარი მოეწონათ, მე –  პროცესი და აქედან დაიწყო ყველაფერი.
მერე ხატვა დავიწყე, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი წელი სხვა აღარაფერს ვაკეთებდი, მხატვრობაზე მაინც არ ვფიქრობდი. იმდენად მიუწვდომლად მიმაჩნდა, ვერც კი წარმომედგინა.
აღმოსავლურ ენებზე ვფიქრობდი ჩაბარებას. მაშინ რეპეტიტორები არ იყო და ჩემები სულ მეუბნებოდნენ, ნეტა, როგორ უნდა ჩააბარო, ხატვის მეტს არაფერს აკეთებო. სკოლას ვამთავრებდი, მაისის ბოლო იყო, რომ დედას ძმისშვილმა, რომელიც ჩემს დებზეც უფროსი იყო, ჩემი ნამუშევრებიანად გადამიყვანა „ნიანგის“ რედაქციაში (ჩვენი სახლის პირდაპირ), მეგობარ მხატვრებთან, დიმა ერისთავთან, პიკო ნიჟარაძესთან და ჯემალ ლოლუასთან (მაშინ იქ მუშაობდა ყველა, მერე კი ჩემი მეგობრები გახდნენ).
დაკვირვებით უყურეს ნამუშევრებს, მერე ბოდიში მომიხადეს, ცოტა ხნით გავალთო. ხუთ წუთში დაბრუნდნენ და ანზორმა მითხრა, გადაწყვეტილია, აკადემიაში აბარებო. სულ ერთი თვე მქონდა მოსამზადებლად. ბატონ გრიშა ჩირინაშვილთან მიმიყვანეს. ის ერთი თვე, დილიდან საღამომდე მის სახელოსნოში ვიჯექი, მერე კი სახლში ვაგრძელებდი გვიან ღამემდე მუშაობას. გამიმართლა და იმავე წელს ჩავაბარე.
 სტუდენტობა...
17 წლის ჯერ არ ვიყავი, აკადემიაში ჩავაბერე, რაც დიდი იშვიათობა იყო იმ პერიოდში (ხალხი, 5-10 წელი აბარებდა). არაჩვეულებრივი გარემო იყო, ახალი შენობა ჯერ არ იყო აშენებული და ყველა ერთად ვიყავით ძველ აკადემიაში. ვინმეს გამოყოფა მიჭირს, საოცარი თბილი და მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ოჯახივით ვიყავით. დამწყები სტუდენტები, მაღალი კურსელების ხატვასა და ფერწერას ვესწრებოდით, საუკეთესო პედაგოგებისგან და ერთმანეთისგან ვსწავლობდით. არ შემიძლია, არ გამოვყო ჩემი პედაგოგები და შემდგომში, უახლოესი მეგობრები – ალდე კაკაბაძე და რეზო იაშვილი. არაჩვეულებრივი შემოქმედები და საოცარი ადამიანები! ოჯახებით ვმეგობრობდით და ახლა მათ ვაჟთან და მის ოჯახთან ვაგრძელებ მეგობრობას.
 რომელი მხატვრები გიყვართ?
– განსაკუთრებით მიყვარს მიქელანჯელო, მოდილიანი, ვან გოგი და პიკასო, რომელიც ცალკე ფენომენია.
უკვე ოც წელზე მეტია, ნიუიორკში ხართ და ჩაკეტილ ცხოვრებას მისდევთ, რატომ?
– რა გითხრათ, აქტიურობით არც მანდ გამოვირჩეოდი. ისე წამოვედი საქართველოდან, სახელოსნო არ მქონია (არც მომცეს, არც მომყიდეს და არც ამაშენებინეს), მაშინ როდესაც ბევრს რამდენიმე სახელოსნო აქვს და არც ერთი ნამუშევარი…
 ორიგინალური არქიტექტურული პროექტები გაქვთ, ასევე ფერწერული, გრაფიკული, რელიეფური ნამუშევრები და ქანდაკებებებიამ ნამუშევრების უმრავლესობა ალბათ უცხოეთში შეიქმნა
– ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს და მათი უმრავლესობა საქართველოში შეიქმნა. აქაც ვმუშაობ, მაგრამ ისე ინტენსიურად ვერა. ჩემი მუზა საქართველოში დარჩა…  ჩემი ნამუშევრები, ძირითადად, მონუმენტურია და დიდ მასშტაბს მოითხოვს. ამის საშუალება კი, არც მანდ მქონდა და არც აქ. სიტყვა „მონუმენტურში“, ხშირად პროფესიონალებიც კი ზომას გულისხმობენ, რეალურად კი ეს, უპირველესად, ფორმას გულისხმობს. შეიძლება სულ რამდენიმესანტიმეტრიანი ქანდაკება მონუმენტი იყოს თავისი ფორმებით, დიდი ზომის ძეგლი კი – დაზგური (რაც, სამწუხაროდ, ხშირი შემთხვევაა).
 ძალიან თბილი ენერგეტიკით დამუხტული ნამუშევრები ფილოსოფიური სიღრმით, აზროვნებით და ორიგინალური ხედვით გამოირჩევაოთხთავიღვთისმშობელი, იესოს ჯვარცმამითოლოგიური გამოსახულებებიროგორ ქმნით ამ ნამუშევრებს? როგორ მოდის შთაგონება?
– როგორც გითხარით, სამი წლიდან ვკითხულობდი და ამდენად, დიდი ინფორმაციის გარდა, დიდი სულიერი ზემოქმედებაც მივიღე. რა თქმა უნდა, წინასწარი მონაცემიც იყო და ყველაფერმა ერთად მოიტანა შთაგონება. გარდა ამისა, შემოქმედებითი ინსპირაცია და თავად პროცესი ისეთი იდუმალი და ამოუცნობია, რომ მის სათავეებთან მისვლა, თითქმის შეუძლებელია.
ელისო წიკლაური ის ადამიანი და ხელოვანია, ვინც ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა... სულ მინდოდა თქვენი ნამუშევარი მქონოდა. უკვე მაქვს და დავმეგობრდით.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“ – ეს თქვენი მხატვრობის თაყვანისმცემლის ფეისბუქსტატუსია.
– ჩემთვის ასეთი შეფასება ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩინ-მედლები და დიდი, ხშირად არაფრისმთქმელი, შაბლონური სტატიები.
საბედნიეროდ, განებივრებული ვარ ასეთი შეფასებებით. ორი შემთხვევა იყო (რაც მე ვიცი), რომ ჩემმა ნამუშევრებმა უიმედოდ დაავადებულნი განკურნა, რაც ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად მოხდა. ისიც ხშირად უთქვამთ, რომ ჩემმა ნამუშევარმა წარმატება და ბედნიერება მოუტანა ოჯახს.
– რამდენი ნამუშევარი შექმენით და თუ ყოფილა საქართველოდან დაინტერესება? როდის გქონდათ ბოლო გამოფენა?
– ნამუშევრების რაოდენობა არასდროს დამითვლია, მაგრამ ათასზე ბევრად მეტი იქნება. საქართველოდან რამდენიმეჯერ მქონდა პერსონალური გამოფენის გაკეთების შემოთავაზება. მეუბნებიან, რომ საჭიროა, ახალგაზრდა თაობამ არ იცის ჩემი შემოქმედება. მართლაც, დიდი დრო გავიდა, ბოლო პერსონალური გამოფენა, მხატვრის სახლის პირველ სართულზე მქონდა, რომელიც 9 აპრილამდე ორი კვირით ადრე დაიხურა. გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა და გაგრძელება შემომთავაზეს. კიდევ კარგი, არ დავხარბდი, ერთი თვე საკმარისია, ხალხს ნუ შევაწუხებთ-მეთქი, ვუთხარი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, 9 აპრილს ყველაფერი განადგურდებოდა…
კი ვფიქრობ გამოფენაზე, მაგრამ ალბათ, ჯერ აქ გავაკეთებ და მერე თბილისში.
 გიორგი ოჩიაური ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი აღნიშნავს, რომ ფსევდომონუმენტურიდან (კომუნისტურ ეპოქას გულისხმობს) ჩვენი ხელოვნება პირდაპირ უსაგნო ხელოვნებაზე გადავიდა და მალე ქართული სახვითი ხელოვნება წაიშლება, განსაკუთრებით ფერწერაშიოიქვე იმასაც დასძენდა, დასავლეთში ფიგურატული ქანდაკებების სპეციალისტები აღარ არიან. ჩემი მოწაფეები ახლა გადიან დასავლეთში, მონაწილეობენ სიმპოზიუმებში და ირკვევა, რომ მათ ადამიანური ქანდაკების ძერწვა აღარ იციანო
თქვენი აზრი?
– სამწუხაროდ, ასეა. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ერთი ის, რომ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, თითქმის ამოიწურა ყველა მიმდინარეობა და მომდევნო თაობებმა ვეღარ შეძლეს მათი გზის გაგრძელება. არ ვიცი, ნიჭი არ ეყოთ, შემოქმედებითი მუხტი, სულიერი თუ წარმოსახვითი ძალა, თუ ძიებითა და შრომით დიდად არც შეუწუხებიათ თავი და იოლი გამოსავალი ნახეს. რამე რომ უთხრა, ან ჰკითხო, პასუხი მზადა აქვთ – მე ასე ვხედავ, თქვენ უბრალოდ არ გესმითო… ეს ძალიან კარგი მიგნებაა, რომელიც პირდაპირ ურტყამს ადამიანების თავმოყვარეობას. არავის უნდა ჩამორჩენილისა და გაუგებარის პოზიციაში ყოფნა. ამდენად, ყველა აღფრთოვანებულია და გიჟდებიან თანამედროვე ხელოვნებაზე!…  
მეორე მიზეზი კი, ხელოვნების კომერციად ქცევა გახდა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ხელოვნების დაკნინებას. ახლა, იმისთვის, რომ მხატვარი იყო, საერთოდ არ არის საჭირო რაიმე აკადემიური, ან თუნდაც ელემენტარული პროფესიული ცოდნა. სანაგვიდან ამოღებული ნებისმიერი ნივთი, თუ მას საგამოფენო სივრცეში მოათავსებ, უკვე ხელოვნების ნიმუშია. ასე მსჯელობენ დღევანდელი ხელოვნებათმცოდნეები. ამის საპასუხოდ, ერთ აქციას ვაპირებ და ვნახოთ, რა გამოვა?…
 რევაზ ინანიშვილი თქვენი უახლოესი ადამიანი იყო და ოჯახებით მეგობრობდით
– რეზოსთან და მის ოჯახთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა. გასახსენებელი ბევრია, მაგრამ ერთს მოგიყვებით.
იტალიიდან რომ დავბრუნდი, რეზო საავადმყოფოში დამხვდა. რა თქმა უნდა, მაშინვე გავიქეცი მის სანახავად. შთაბეჭდილებებს მეკითხებოდა, მერე მკითხა – ამბობენ, იტალიელები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და მართალიაო? ვუთხარი, რომ შორიდან, იერით ვგავდით, მაგრამ ახლოდან ძალიან განვსხვავდებოდით. დაინტერესდა, რა სხვაობააო? თვალები-მეთქი, ვუთხარი, რაც ყველაფერს ცვლის.
გაოცდა და მერე ერთი ამბავი გაიხსენა: გაგრაში, მწერალთა სახლში ვისვენებდით, ისრაელიდან იყვნენ ცოლ-ქმარიო, იმათაც ეს კითხვა ჰქონდათ, რითი განსხვავდებოდნენ ქართველები თუნდაც იტალიელების, ესპანელების თუ ებრაელებისგანო და მიხვდნენ, რომ ეს თვალები იყოო. მერე დასდევდნენ ხალხს ქუჩაში, თვალებში უყურებდნენ და ეკითხებოდნენ, ქართველი ხარო და ბოლოს, უშეცდომოდ არჩევდნენო. მაშინ ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ დავფიქრებულვარ და ახლა შენ მითხარიო.
დიდი სამეგობრო გაქვთ
– საბედნიეროდ, საუკეთესო მეგობრები მყავდა და მათი უმრავლესობა ჩემზე ბევრად უფროსი იყო. სამწუხაროდ, რამდენიმეღა შემომრჩა და სანთელივით შევცქერი. ჩვენი სახლი ძველი სალონივით იყო და ყველა ჩვენთან იკრიბებოდა. არაჩვეულებრივი საღამოები გვქონდა, ხან თითქმის დილამდე ვისხედით. იყო საუბრები საქართველოზე, მის წარსულსა თუ მომავალზე, ზოგადად, ისტორიაზე, ხელოვნებასა თუ ფილოსოფიაზე და ეს ყოველივე შეზავებული იყო პოეზიითა და ტკბილხმიანი სიმღერით.
რეზოს გარდა, ვმეგობროდით ძმებ, ბეჟან და ჯონდო ბარდაველიძეებთან, მარლენ კიტიასთან და ვახტანგ გოგოლაშვილთან, მარლენისა და ვახტანგის პოეტური პაექრობა დილამდე გასტანდა ხოლმე, ერთმანეთს ენაცვლებოდა ფოლკლორი, ქართული თუ რუსული კლასიკა, ახლო მეგობრობა ინოლა გურგულიასთან, ქეთი ჯაფარიძე ჩემი კლასელი იყო, ნუნუ დუღაშვილთან და მანანა მენაბდესთან (ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს).
მხატვრებიდან განსაკუთრებულად ვმეგობრობდი ალდე კაკაბაძესთან და რეზო იაშვილთან, დიმა ერისთავი და პიკო ნიჟარაძე, საბედნიეროდ, ისევ მყვანან, ვმეგობრობდი მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან, დიდი მეგობრობა მაკავშირებდა მერაბ მამარდაშვილთან. ასევე, დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს ჯანრი კაშიასთან და სალომე ზურაბიშვილთან. ყველას ჩამოთვლა ძნელია.
მყავდნენ და მყვანან არაჩვეულებრივი მეგობრები, რომელთაც ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მაგრამ უკეთილშობილესი, მაღალი ინტელექტისა და კულტურის ადამიანები არიან. რაც მთავარია, ეს მეგობრობა არასდროს ყოფილა მხოლოდ პირადი, ვმეგობრობდით ოჯახებით, ეს მეგობრობა, დღემდე გრძელდება და გადადის თაობებზე. მაშინაც კი, როცა მეგობრები აღარ არიან, ვმეგობრობთ მათ შვილებთან, შვილიშვილებთან და ისინიც მეგობრობენ ერთმანეთში.
 თქვენს ნამუშევრებში საქართველოს დიდი მონატრება იკითხებაროგორია შორიდან დანახული თქვენეული საქართველო?
– ვერ გეტყვით, რომ ნამუშევრებში საქართველოს მონატრება ჩანდეს, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას საქართველოსადმი მონატრებასაც ვერ დავარქმევ, რადგან, ფიზიკური სიშორის მიუხედავად, წუთითაც არ მიცხოვრია უმისოდ.
გათენდება თუ არა, კომპიუტერთან ვჯდები, რომ გავიგო, რა ხდება საქართველოში. ყველაფრის საქმის კურსში ვარ, ყველაფერს მტკივნეულად განვიცდი და პატარა სიკეთის გამოც ვხარობ. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი პატრონი ჩვენ ვართ, მისი მოვლა-პატრონობა მხოლოდ ჩვენი ვალია და ჩვენს გასაკეთებელს, სხვა არავინ გაგვიკეთებს, არც ამერიკა და არც რუსეთი.
გვიამბეთ ოჯახზე
– გათხოვილი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან თბილი და მეგობრული ოჯახი მაქვს. მყვანან ძალიან კარგი დისშვილი და სიძე, ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. საბედნიეროდ, სავსე ვარ მათგან სიყვრულით, სითბოთი და ყურადღებით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად ჩემზე დამოკიდებულნი არ არიან. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქალბატონთან, რომელნიც წლებია გადმოხვეწილნი არიან ოჯახების შესანახად, ჩემგან განსხვავებით, ელემენტარული ადამიანური დამოკიდებულებაც კი არ აქვთ საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს და არავინ ეხვეწება უკან დაბრუნებას.
სამომავლო გეგმები
– ვემზადები სერიოზული გამოფენისთვის და ვმუშაობ დიდი ფორმატის ნამუშევრებზე. მაქვს ორი დიდი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაფინანსებას თითქმის არ საჭიროებს. იმედი მაქვს, ეს ჩამოსვლა შედეგიანი იქნება.

 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები