„შრომის ინსპექცია დღეს არის უუფლებო და არაქმედუნარიანი, რასაც ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე ეწირება“

„გვწამს, რომ ტყიბულში მომხდარი ტრაგედია მაინც გახდება შრომის უფლებებისა და დასაქმებულთა მიმართ არასწორი დამოკიდებულების გადააზრების საფუძველი და ინვესტორის მოგება და წარმატება აღარ განხორციელდება დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე“, – აღნიშნული განცხადება პარტია “სოციალ-დემოკრატების” წარმომადგენელმა, პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას გააკეთა.
ნაცვლიშვილი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, შრომის ინსპექცია რეალური უფლებებით უნდა აღიჭურვოს, რომ მსგავსი ტრაგედიების პრევენცია შესაძლებელი იყოს.
„ პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ყველა მაღაროელს. შრომის ინსპექცია, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია შრომის უფლებებისა და უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველყოფაზე, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არის უუფლებო და არაქმედუნარიანი, რასაც ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება. სამწუხაროდ, ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ვართ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობით მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის. მყარად გვწამს, რომ ტყიბულში მომხდარი ტრაგედია მაინც გახდება შრომის უფლებებისა და დასაქმებულთა მიმართ არასწორი და ზერელე პოლიტიკისა და დამოკიდებულების გადააზრების საფუძველი და ინვესტორის მოგება და წარმატება აღარ განხორციელდება დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, არამედ მათთვის ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფის პარალელურად, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში. უნდა არსებობდეს ისეთი შრომის ინსპექცია, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს, გაფრთხილების გარეშე შევა კომპანიებში და ადგილზე შეამოწმებს შრომის პირობებს და უსაფრთხოებას. შრომის ინსპექცია უნდა აღიჭურვოს იმ ფუნქციებით, რომელიც საჭირო იქნება შრომითი უფლებების ზედამხედველობისთვის. შრომის ინსპექციის კანონმდებლობა პარლამენტში დაახლოებით ერთ თვეში შემოდის და ვეცდებით, რომ ყველა აუცილებელი პირობა იყოს გათვალისწინებული“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გუშინ ოთხი მაღაროელი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები