ლიტვაში გამართულ ღვინის გამოფენაში ქართული ღვინო წარადგინეს

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბური ღვინის გამოფენა „VYNO DIENOS“ (ღვინის დღეები) ჩატარდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ლიტვაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით,    ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა: „ბესინი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „გიუაანი“, „ზაქრო ვინო“, „კარდენახი #1“,  „ქინძმარაულის მარანი“ და „ასკანელი ძმები“.
გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე დაესწრო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  გამოფენის ფარგლებში სპეციალური დეგუსტაცია – „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. პრეზენეტაციაში ძირითადი აქცენტი  ქართულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე, ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ღვინის დაყენების ქართულ მეთოდებზე და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე გაკეთდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.
ლიტვა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში შედის.  იგი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის კომპანიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სხვადასხვა გამოფენასა და დეგუსტაციებში  მონაწილეობენ.
გამოფენა ტრადიციულად ვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრ LITEXPO-ში გაიმართა. „VYNO DIENOS“ წელს უკვე მეცამეტე მოეწყო და მას ათასობით დამთვალიერებელი ჰყავდა – ადგილობრივი სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები