პროკურორის მოადგილე: სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა

“სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე განუცხადა.
გოგაძის შეფასებით, სახალხო დამცველი მიკერძოებულია.
“რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ძალიან შორს არის ობიექტურობისგან, ვერ გავიზიარებთ. დღევანდელი სხდომა არის ღია, გადაიცემა ტელევიზიით და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვუპასუხებთ”,- განაცხადა გოგაძემ.
პროკურორის მოადგილე ასევე გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის პოზიციას, იმის შესახებ, რომ არ არის დაცული მხარეთა თანასწორობა, ვინაიდან დაცვის მხარეს ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის პირობაზე.
“ვერანაირად ვერ დავეთანხმები. ამაზეც დეტალურ პასუხს გავცემთ სხდომაზე. სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა ამ მიმართულებით და ის გვევლინება მიკერძოებულად და მხარედ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომენტარებს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც არანაირი ინფორმაცია არც კი ჰქონდა გამოთხოვილი პროკურატურისგან და არც კი აინტერესებდა”, – განაცხადა გოგაძემ.
კომიტეტზე სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ, რომელიც სხვადასხვა უწყების, მათ შორის, პროკურატურის მიმართ რეკომენდაციებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები