ზურაბ ქურციკიძე: არარსებული ჯაშუშობის აღიარების მოპოვების მიზნით ჩემი გაგუდვის მცდელობა იყო

ე.წ. ფოტოგრაფების  საქმეზე სასამართლო სხდომა  საქმის ერთ-ერთი დაზარალებულის, ზურაბ ქურციკიძის დაკითხვით განახლდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ქურციკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  2011 წელს მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
მისი ინფორმაციით, სანამ მოდულის შენობაში მიიყვანდნენ, ის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჰყავდათ მიყვანილი. როგორც ქურციკიძე ამბობს, მოდულის შენობაში მისი გაგუდვის მცდელობაც იყო, რათა მას არარსებული ჯაშუშობა ეღიარებინა და ეთქვა, რომ ის იყო იმ ქსელის შემქმნელი, რომლის მეშვეობითაც ფოტორეპორტიორები ამ დანაშაულს ახორციელებდნენ.
ზურაბ ქურციკიძის განცხადებით, ამ ზეწოლაში მონაწილე ერთ-ერთი სწორედ დავით დევნოზაშვილი იყო, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებულია. მოწმის  თქმით, ის დევნოზაშვილს პირველად სწორედ მოდულის შენობაში შეხვდა.
დაზარალებულის სტატუსის მქონე ნათია და ირაკლი გედენიძეები უკვე დაიკითხნენ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ.
ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა.
იგივე საქმეზე, ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება. რაც შეეხება შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, შოთა ხიზანიშვილს, მას ფარული მოსმენების საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები