დიმიტრი ქუმსიშვილი: საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტით ენერგოეფექტურობა წახალისდება

ენერგოეფექტურობის წახალისება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მცხოვრებლებს შეეძლებათ, დაამონტაჟონ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოონ ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში ჩაერთონ ელექტროსისტემაში. ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიით მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
„აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ ოჯახს უნდა, რომ ჰქონდეს მცირე მიკრო ელექტროსადგურის ან მზის პანელების ელექტროსადგური, ჩვენ რა თქმა უნდა მათ წავახალისებთ,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, „ცვლილება საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გაააქტიურებს და სტიმულს მისცემს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამოყენებას”.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური არის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომლის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატს არ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები