“საგადასახადო ადმინისტრირების ახალი ფორმატი საშუალებას იძლევა, გადამხდელმა თანდათან დაფაროს ვალდებულებები, შეუფერხებლად განაგრძოს”
ახალი საკანონმდებლო პაკეტით, უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების 1-წლიანი გადანაწილების შესაძლებლობა 5 000-დან 50 000 ლარამდე იზრდება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას: 2010-2012 წლებში სულ 150-მდე კომპანიას გაუფორმდა საგადასახადო გრაფიკი და შეთანხმება, მაშინ როდესაც 2013-2016 წლებში, გადასახადო შეთანხმება გაუფორმდა 4900-ზე მეტ კომპანიას. თუ პირველ შემთხვევაში თანხა მხოლოდ 10 მილიონს აღწევდა, მეორე შემთხევაში მისი მოცულობა უკვე 209 მილიონია”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ კომპანიებს მიეცეს შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ბიზნესი შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და გადაიხადონ გადასახადები.
„5 000 ლარამდე ზღვარის შემთხვევაში, აღნიშნული შესაძლებლობით, პრაქტიკულად, 3000-მდე წვრილმა მეწარმემ ისარგებლა. შესაბამისად, ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, უკეთესად შეასრულოს ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებებით, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკის შედგენით.