ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში იღებს მონაწილეობას.

სესიის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს ჩატარდა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სპეციალური მოსმენა. პირველ რიგში, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ეხება ტერორიზმის საკითხებს და ტერორიზმის მსხვერპლთა დაცვის საკითხებს. იყო სპეციალური მოსმენა და ჩართვა, რომელიც გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ჩატარდა. ამ საკითხზე კომიტეტი მუშაობს და ამზადებს სპეციალურ ანგარიშს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ასევე, მზადდება სპეციალური ანგარიში, რომელიც წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ახალ სტანდარტებსა და რეკომენდაციებს ეხება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, წამების საწინააღმდეგო კომიტეტში საქართველოს ახალი წარმომადგენლის შერჩევის პროცესი დაწყებულია.

დღეს იყო განხილვა და ამ კვირის სესიაზე იქნება წარდგენილი. საქმე ეხება სწორედ წამების საწინააღმდეგო კომიტეტში ახალი წევრების არჩევას, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ იმ სტანდარტებს, როგორიც არის კვალიფიციურობა, სპეციალური მომზადება, კომპეტენტურობა და ასე შემდეგ. ჩვენ, საქართველოც ვემზადებით, რომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტში გვყავდეს ჩვენი ახალი წევრი წარდგენილი და ეს შერჩევის პროცესი დაწყებულია, ამიტომ, კომიტეტებზე იქნება სპეციალური სხდომა ამისთვის”,- განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე ინფორმაციით, კომიტეტი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, ინტერპოლის სისტემის რეფორმაზე მუშაობს.

დღესვე, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა.

„ვიცე-პრეზიდენტი და მოადგილე ავირჩიეთ, უკრაინის დელეგაციიდან. ეს კომიტეტი ამზადებს შემდეგ სხდომას და მოსმენას, როგორ სრულდება ანგარიშები, როგორია სტატისტიკა, როგორ ასრულებენ ქვეყნები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს. დღეს ამ ორი სხდომის და ერთი გაერთიანებული სხდომის ფარგლებში რამდენიმე სპეციალური დოკუმენტი მომზადდა და კვირის განმავლობაში ამ დოკუმენტების განხილვა გაგრძელდება”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები