დიმიტრი ქუმსიშვილი: შემოსავლების სამსახურის როლი ქვეყნის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია

“მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა”,-ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, შემოსავლების სამსახურის როლი ქვეყნის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოგების გადასახადის წარმატებული რეფორმა დამოკიდებულია მის იმპლემენტაციაზე. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ შემოსავლების სამსახურმა ძალიან ბევრი შეხვედრა გამართა და საბოლოო ჯამში, მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა.
პრაქტიკულად, რეფორმა ადმინისტრირების ნაწილში წარმატებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ კანონმდებლობაში შევიტანთ გარკვეულ ცვლილებებს იმისათვის, რომ ბიზნესს უკეთესად მოვერგოთ. თუმცა, დღეს, ჩვენ პრაქტიკულად, სრულად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ რეფორმა სწორადაა გაგებული ბიზნესის მხრიდან”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმა 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსს გაუჩენს ბიზნესს გაფართოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მეტი ინვესტიციების განხორციელებისთვის.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემოსავლების სამსახურის წვლილი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მმართველობით ნაწილში, ბიზნეს სახლის მიმართულებით” ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთაწმინდის პარკში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები