„სამოქალაქო პლატფორმის წევრებთან სრულად მიმოვიხილეთ ის ცვლილებები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება“

“ჩვენ სრულად მიმოვიხილეთ ის ცვლილებები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან გამართული შეხვედრის თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსჯელობები კვლავაც გაგრძელდება და საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრები რეგიონებშიც გაიმართება.
„სამოქალაქო პლატფორმის წევრებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. ჩვენ სრულად მიმოვიხილეთ ის ცვლილებები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება. ასევე, განვიხილეთ თითოეული თავი და არაერთ რეგულაციასთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსია გავმართეთ. მათ შორის, გვქონდა მსჯელობა საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მსჯელობები კვლავაც გაგრძელდება და საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრებს რეგიონებშიც გავმართავთ, სადაც გავაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციაში უნდა აისახოს. უკვე მოგვიანებით, ივნისის თვეში, საპარლამენტო განხილვები დაიწყება, რა დროსაც პარლამენტი იმსჯელებს იმ დამატებით ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება, კონსტიტუციურ კანონში შევიდეს. ეს კი დამოკიდებული იქნება საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება საყოველთაო-სახალხო განხილვა. ეს განხილვა, კანონმდებლობის და კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა და შესაბამისად, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. ჩატარდება განხილვა და მის საფუძველზე, მომზადდება ის დოკუმენტი, რომელსაც კენჭი საქართველოს პარლამენტში ეყრება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები