ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის სიტყვას არც აქამდე ჰქონია და არც ახლა ექნება ის ფასი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე

“სააკაშვილის სიტყვას არც აქამდე ჰქონია და არც ახლა ექნება ის ფასი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, მთავარი ოპოზიციური პარტია დაჯარიმდება.
​როგორც კობახიძემ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ინიცირებულ წინადადებას ჯერჯერობით არ იცნობს, თუმცა გამორიცხავს, რომ მის მიზანს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაჯარიმება წარმოადგენდეს.
„ცესკოს მხრიდან შემოსული იყო საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოიწონა კომიტეტმა წინადადების დონეზე. ამის საფუძველზე, ინიციატივა შევა საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება რეგულაციებს, მე, სამწუხაროდ, არ ვიცნობ ჯერ, გავეცნობი. მე არა მგონია, რომ ეს იყოს აქტუალური საკითხი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას კამპანიაში, არც აქამდე ჰქონია და არც ახლა ექნება სააკაშვილის სიტყვას ის ფასი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე. აქედან გამომდინარე, ამ მიზანს, მით უმეტეს, ცესკოს წინადადება თუ არის, მე გამოვრიცხავ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობად ვერ ჩაითვლება ისეთი შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, “ევროპის სახალხო პარტია” განცხადებას გააკეთებს.
„რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებზე, როდესაც EPP-ის ან რომელიმე სხვა ევროპული პარტიის წარმომადგენელი ჩამოდის და განცხადებას აკეთებს, აქ საუბარი ვერ იქნება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, არ უნდა დაჯარიმდეს შესაბამისი სუბიექტი. როგორც კი დეტალებში გავერკვევი, გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, პარტია დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები