ქართველი ფერმერები გადამზადებას ჩინეთის რესპუბლიკაში გადიან

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ქართველი ფერმერები გადამზადებას ჩინეთის რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციაში გადიან. ერთთვიან ტრენინგში 30 ქართველი ფერმერი და დაინტერესებული პირია ჩართული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბოსტნეულის გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და მარკეტინგის საკითხებს, ასევე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებს მოიცავს.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ჩინეთის რესპუბლიკის რამდენიმე პროვინციაში ბოსტნეული კულტურის წარმოების კომპანიები და მათი ბაზები დაათვალიერეს. პრაქტიკული, საველე სწავლების დროს ქართველი ფერმერები სათბურებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარე კვლევებსაც გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის რესპუბლიკაში ქართველი ფერმერების უკვე მეორე ჯგუფი გადის სასწავლო კურსს. პირველ ეტაპზე, ამავე პროექტის ფარგლებში, 23 კაცი გადამზადდა. პროექტის ფარგლებში, ქართველი ფერმერების ჩინეთში გადამზადება მომავალშიცაა დაგეგმილი. ტრენინგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კომპანია „ჰუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის მხარდაჭერით, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე, საქართველოში 8 სასწავლო კურსი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 400-მდე ფერმერი გადამზადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები