„ქვეყანაში იმუნიზაციას სახელმწიფოს მხრიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება“ – საქართველოში იმუნიზაციის კვირეული ტარდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად, პრესკონფერენცია სლოგანით – „ვაქცინები მოქმედებს, აცერი და დაიცავი“ გაიმართა.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანი ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კვირეულის განმავლობაში, უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის და აგრეთვე,იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი თავიდან იქნას აცილებული.
2017 წლის იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წითელასა და წითურას ელიმინაციის, პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის პროცესში მიღეწეულ პროგრესს და არსებულ გამოწვევებს.
საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული 10 ვაქცინის შესყიდვას, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასევე სრულად არის დაფინანსებული კალენდრით გათვალისწინებული 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა.
საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, 2007 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები