თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა – კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენტების გაძლიერებაზე, რათა უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება

კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენტების გაძლიერებაზე, რათა უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია, – ამის შესახებ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020 წლების დოკუმენტშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, განაგრძობს მცდელობას, საქართველოს შეუზღუდოს როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული საერთაშოროსო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მზაობა, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით, ღია სამხედრო აგრესიის და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით ხელყოს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი.
„რუსეთის ფედერაციის მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალების მოდერნიზება და რეგიონზე ზეგავლენის განმტკიცების მცდელობა ზრდის აგრესიის გაგრძელების რისკს, რაც ნათლად დადასტურდა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში, შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე. საქართველოზე ზეგავლენის განმტკიცების მიზნით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „სამართლებრივი საფუძვლების“ შექმნის მცდელობებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. ამასთან, ნარჩუნდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების მიტაცების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაკავებისა და სხვა ტიპის პროვოკაციების საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი არასტაბილურობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტრეფიკინგისთვის“, – ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში.
დოკუმენტში საუბარია, რომ რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას, საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დასუსტების, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებისა და მართვადი დესტაბილიზაციის შექმნის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები