ბოლნისს 50-კაციანი ქართულ-გერმანული დელეგაცია ეწვია

„გერმანული მემკვიდრეობა საქართველოში – მომავალი ეკუთვნის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და საზოგადოებას“- ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ინიციატივით, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან (DWV) თანამშრომლობით და გერმანულ-ქართული წლის კონტექსტის გათვალისწინებით, ბოლნისს 50-კაციანი ქართულ-გერმანული დელეგაცია ეწვია. საპატიო სტუმრებს შორის იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების პარტიის (FDP) გენერალური მდივანი დოქტორ ირმგარდ შვეცერი. სტუმრები ქალაქ ბოლნისში მდებარე გერმანელი მიგრანტების ხსოვნის მემორიალთან შეიკრიბნენ, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი დახვდა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.
,,მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მაქვს პატივი გიმასპინძლოთ საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში, ქალაქში, რომელიც ისტორიული ბოლნისის ტერიტორიაზე, ზუსტად 200 წლის წინ, გერმანელმა კოლონისტებმა გააშენეს. სწორედ გერმანელმა ხალხმა შეძლო და უმოკლეს დროში ბოლნისში ევროპული სტილის დასახლება- კატარინენფელდი შექმნა. მემკვიდრეობად კი გოთური სტილის არქიტექტურა და ევროპული კულტურა დაგვიტოვა.
ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს დიდი ტრადიცია აქვს. 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის კიდევ უფრო გაღრმავდა, რასაც ადასტურებს ორმხრივი პროექტები პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში, კულტურასა და მეცნიერებაში.
სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა. გერმანია-საქართველოს წელი 2017“ გერმანია და საქართველო წელს ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: ორასი წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლასა და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
საქართველო გერმანიას კიდევ უფრო დაუახლოვდა წელს, როდესაც ვიზალიბერალიზაციით შესაძლებელი გახდა შენგენის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლა, რასაც საქართველოსთვის ღრმად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. ევროპის კავშირთან თავისუფალ ვაჭრობასთან ერთად თავისუფალი გადაადგილება მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მისცემს საქართველოს. მწამს, რომ გერმანია-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.
შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში გერმანელი მიგრანტების ჩამოსახლებისა და მოღვაწეობის ისტორია გააცნო სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარემ, ოლივერ რაისნერმა, რის შემდეგაც სტუმრებმა, მასპინძლებთან ერთად, ბოლნისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტუმრები საკუთარ გერმანულ სარდაფში მიიწვია და ღვინის დამზადების ტექნოლოგიები გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ელიას მთაზე მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერიც მოინახულეს.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გერმანულ სასტუმრო-რესტორან “წისქვილში” შედგა, სადაც სტუმრებმა დისკუსია გამართეს თემაზე ,, ღია საზოგადოებას და ღია ეკონომიკურ სივრცეს ეკუთვნის მომავალი“, ბოლოს კი DWV-ს წევრის, ჰილარიუს პიუტცის ღვინის პრეზენტაცია გაიმართა.
2017 წელი საქართველო-გერმანიის წლად გამოცხადდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოში გერმანელი კოლონისტების მიგრაციიდან 200 წლისთავთან დაკავშირებით, 8 ოქტომბერს ბოლნისში მასშტაბური ღონისძიების გამართვა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები