დედამიწის დღეს მარნეული დასუფთავებისა და გამწვანების აქციებით შეურთდა

დედამიწის დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტი მასშტაბური დასუფთავების და გამწვანების აქციით შეუერთდა და დედამიწის დაცვის საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.
მუნიციპალიტეტის თვრამეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო მასშტაბური დასუფთავების აქციები.
დასუფთავდა დაბინძურებული ტერიტორიები, ღირსშესანიშნავი ადგილები და ცენტრალური მაგისტრალები.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ახალგაზრდები.
დღესვე, სოფელ საიმერლოში ჩატარდა გამწვანების აქცია ადგილობრივი ახალგაზრდებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით, დაირგო 50 ცალი ფიჭვის ნერგი, რომელიც მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ეროვნულმა სანერგე მეურნეობამ. სამომავლოდ, აქციაში მონაწილე ახალგაზრდები უზრუნველყოფენ ნერგების მოვლა–პატრონობას.
სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კი ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელმა საწარმომ უზრუნველყო მყარი ნარჩენების სეპარირებისთვის განსაზღვრული პლასტმასის ურნების დადგმაც.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად, რადგან სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცა.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე უერთდება, რომლებიც  სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები