გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება ევროპული ბიზნესსაზოგადოებისთვის

“უნგრეთის დელეგაციას გთხოვთ, აღიქვათ საქართველო სანდო, მდგრად ქვეყნად, რომელსაც გააჩნია მტკიცე საგარეო პოლიტიკა, რაც არის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორი თქვენი ბიზნესაქტივობისთვის. მე მოვუწოდებ უნგრეთის ბიზნესდელეგაციას, გამოიყენოს თანამშრომლობის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა უნგრეთის დელეგაციას გავუზიარო ვიზიტის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები და დავარწმუნო ისინი, რომ საქართველო მართლაც სტაბილური ქვეყანაა. გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობამდე ასევე ეკავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, გახლავთ, მართლაც, ყველაზე წარმატებული მინისტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ის ცნობილია ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარებით და ფაქტია, რომ ძალიან წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, მე დავრწმუნდი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს, გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები. მე ვაღიარებ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისკენ. მოხდა განათლების სიტემის ფორმირება, დაკმაყოფილდა ეკონომიკური საჭიროებები, განათლების შესაძლებლობების წყალობით და სხვა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, მოგვარდა ბიუროკრატიის პრობლემები. ის შედეგები, რომლებიც თქვენს ქვეყანაში ვიხილეთ, გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ: საქართველო არის კარგი მაგალითი უნგრეთისთვის”, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ და მტკიცე კულტურულ კავშირებს.
„თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები მსოფლიოში, რომელთანაც შეიძლება ითქვას, რომ არანაირი კონფლიქტი არ არსებობს წარსულში. საქართველოსა და უნგრეთს შორის არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს და არც არსებულა. ამიტომ მოდით, ვიფიქროთ უფრო მეტად მომავალზე. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ფიქრობს მომავალ ურთიერთობებზე. ეს არის თავისუფალი აზროვნების ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის სუვერენიტეტისკენ და გააჩნია უმაღლესი კულტურა. უნგრელებს გვსურს, რომ ვიფიქროთ იგივე მიმართულებით, იგივე გზით. ფაქტობრივად, საქართველოს ამბიციები არის ახლოს ჩვენი ქვეყნის ამბიციებთან. ჩვენ პოლიტიკოსებმა ყველაფერი ვცადეთ, რაც შეგვეძლო ამ თანამშრომლობის ხელშესაწყობად. ახლა ჯერი ბიზნესზეა, თქვენი აქტივობები არის ღია, ხოლო პოლიტიკური ურთიერთობა სრულყოფილი”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
​ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უნგრეთი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორია, რომელთანაც კიდევ უფრო გაძლიერდება და გააქტიურდება პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. გიორგი კვირიკაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება ევროპული ბიზნესსაზოგადოებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის ურთიერთობებს დინამიური უწოდა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ბიზნესშესაძლებლობებზე და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა.
“საქართველო პატარა, თუმცა უზარმაზარი ენერგიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ევროპასა და აზიის გზაგასაყარზეა. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ (DCFTA-ს ჩათვლით), ჩვენ ევროპული მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვის კუთხით. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული და ჩვენ ვახორციელებთ რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს მთავრობა ახდენს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციას”, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც მოიცავს საგარეო ვაჭრობის გამარტივებულ რეჟიმსა და სავაჭრო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მინიმალურ არასატარიფო რეგულაციებს.
“ღია ბიზნესგარემოსთან ერთად, გასათვალისწინებელია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა – საქართველო, ერთი შეხედვით, შეიძლება მცირე ბაზრად მოგვეჩვენოს, თუმცა საქართველო, როგორც რეგიონალური ჰაბი, სრულიად სხვა სურათს გვთავაზობს. საქართველო არამარტო სამხრეთ კავკასიის გზაგამტარია, არამედ ის ხსნის გზას ცენტრალური აზიის, ევროკავშირისა და შორეული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების გზით, ვქმნით შესაბამის ნორმატიულ წვდომასაც”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უნგრეთი სრულად აითვისებენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალს და უდიდეს შესაძლებლობებს, რასაც, მისი თქმით, ხელს უწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება.
საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება და მას უნგრეთისა და საქართველოს წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები