„ევროპაში ტერაქტები შემდგომშიც პროგნოზირებადია“- რომელი ქვეყნები წარმოადგენს ტერორისტების სამიზნეს

„ საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტი პროგნოზირებადი იყო. ისლამისტურმა ორგანიზაციებმა ტოტალური ომი გამოუცხადეს დასავლეთს. ჯერ კიდევ 7-8 თვის წინ, 400-მდე ბოევიკი იყო გამზადებული იმისთვის, რომ ევროპის იმ ქვეყანებში, რომლებიც პოლიტიკურ, ანტიისლამისტურ ამინდს ქმნიან, ტერაქტი მოეწყოთ“,- ამის შესახებ პარიზის ტერაქტის შეფასებისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
არეშიძის თქმით, ტერორიზმის ერთ-ერთი ხელისშემწყობი ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკაა. ექსპერტის მოსაზრებით, დასავლური ფსევდო ტოლერანტობა კონტროლის წარმოებას ართულებს. ტერორისტების განსაკუთრებულ სამიზნეს 8 ევროპული ქვეყანა შეადგენს.
„ მათ განსაკუთრებულ სამიზნეს შეადგენს ბელგია, გერმანია, ბრიტანეთი, ჰოლანდია და საფრანგეთი. პროცესი დაწყებულია. თვეში 2-3 ტერაქტის შესახებ გვესმის. ძალიან რთულია იმ ემიგრანტთა და საერთოდ მუსლიმთა იმ მასაში, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, სტაბილური კონტროლი აწარმოო, ისეთი, რომ საერთოდ აირიდო ტერაქტი თავიდან. ეს ტერაქტები შემდგომშიც პროგნოზირებადია. ამის პრევენცია შეუძლებელია, მით უმეტეს, იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც დასავლეთი ატარებს. ეს არის ფსევდო ტოლერანტობა, ფსევდო ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის ფსევდო რელიგიური უმცირესობების დაცვა. ამ ქვეყნების რიცხვში მოხვდა სკანდინავიის ქვეყნებიც. ნელ-ნელა იკვეთება სურათი, რასაც სკანდინავიის ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება მალავდა, კერძოდ, ნორვეგიის და შვედეთის, ისინი მალავდნენ, რომ იქ არის ქალაქები, რომელშიც არის რაიონები, სადაც ვერ შედიან სამართალდამცავები. ასეთი რაიონებია შვედეთის ქალაქებში ნორჩეპინგში, სტოკჰოლმში“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
​რაც შეეხება საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, ექსპერტის მოსაზრებით, ეს უკვე დაგვიანებულია. მისი თქმით, ის ძირითადი მასა, რომელსაც ევროპაში ფეხის მოკიდება სურდა, უკვე ევროპაშია.
„ბოლო წლების შედეგად, 2 მილიონმა ადამიანმა მოიკიდა ფეხი ევროპაში, თუმცა მანამდეც არსებობდა იქ სერიოზული დიასპორები. ეს დიასპორული მასა ევროპაში 4-5 მილიონს შეადგენს. მათი კონტროლი იმ პოლიტიკის პირობებში, რომელსაც დასავლეთი ატარებს, ძალიან რთულია. ამ სენთან – ტერორიზმთან ბრძოლაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგალითად, პოლონეთი, უნგრეთი და სხვები ბევრად ეფექტურნი არიან, ვიდრე ძველი ევროპის ქვეყნები. ისინი უფრო მკაცრ პოლიტიკას აწარმოებენ და ცდილობენ, რომ ემიგრანტების რიცხვი თავის ტერიტორიაზე მინიმუმამდე დაიყვანონ“, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები