რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 24,4%-ით გაიზარდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის მარტის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 5 071 ერთეული შეადგინა.
ბიზნესსუბიექტებს შორის 95.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.6% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
მონაცემების თანახმად, ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.159 დონეზე დაფიქსირდა.
ამასთან, მარტის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (24.4%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (3.3%-ით) შედარებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის მარტის თვეში, წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 24.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 33.9%-ით გაიზარდა.
განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა.
ამავე თვეში, ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად , 1.138 და 1.835 დონეებზე დაფიქსირდა.
მონაცემების თანახმად, მარტის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 394 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 47.2%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 376 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 46.9%) სახით.
ამავე თვეში, ქვეყანაში 232 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 39 კოოპერატივი, 17 სააქციო საზოგადოება, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 1 კომანდიტური საზოგადოება, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი დარეგისტრირდა.