მიხეილ ჯანელიძე: გასულ წელთან შედარებით, ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა

“მიმდინარე წლის მხოლოდ 2 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯანელიძის თქმით, საქართველოსთვის ხელსაყრელი ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო ბიზნესგარემოა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების ზრდა საქართველოში.
”ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა მუდმივად აფიქსირებდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას და ირანის ისლამურ რესპუბლიკას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის ძალიან ბევრი მიმართულება. განსაკუთრებით გამოვყოფდი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, სადაც მიმდინარე წლის მხოლოდ ორი თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა, თუმცა პოტენციალი საკმაოდ დიდია და ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ორმხრივი ვაჭრობა არის დაბალანსებული. იზრდება როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. ჩვენს ქვეყანაში არის ხელსაყრელი ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო ბიზნესგარემო, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების ზრდა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა სუფსის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს პროექტს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის თქმით, ის მოხარულია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს თან ახლავს ირანელი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი დელეგაცია და ისინი საქართველო-ირანის ბიზნესფორუმს დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები