ისრაელში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა

დღეიდან, ისრაელში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, ახალი რეგულაცია საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც ისრაელში თავშესაფრის ძიებით არიან დაინტერესებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებით თავშესაფრის იმ მაძიებლებს, რომელთა საკითხიც თავშესაფრის მიღების თაობაზე უარყოფითად გადაწყდება, აღარ მიეცემათ საშუალება, რომ ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა.
„ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით, მ.წ. 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. ხსენებული რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები. ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად – 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია – არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში.
უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელური მხარე საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით ახდენს ბიომეტრული მონაცემებითა და პირადი ნომრის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცვლილი დემოგრაფიული მონაცემებით ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური მიზნებით შეღწევის მცდელობას“, –აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები