“ქვეყნის უსაფრთხოების თემაზე, პოზიციამ და ოპოზიციამაც სახელმწიფოებრივად უნდა იაზროვნოს”

ჩვენი ოპონენტების დიდ სურვილს წარმოადგენს დემაგოგიაში ჩაითრიოს მთელი საზოგადოება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი იყო.
“ჩვენი ოპონენტების დიდ სურვილს წარმოადგენს დემაგოგიაში ჩაითრიოს მთელი საზოგადოება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე წარდგა პარლამენტის წინაშე. როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ასევე ზოგიერთი, სხვა პარტიების წარმომადგენლებს ვერც კი დაესიზმრებოდათ სუსის ხელმძღვანელის მოადგილე პარლამენტის წინაშე წარედგინათ. რაც დღეს მოხდა, ვგულისხმობ სხდომის დახურვას, ეს არის სწორი და სახელმწიფოებრივად გაჯერებული ნაბიჯი, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგანაც იმ სივრცეში იმდენი კითხვა დაისვა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხებოდა, ცხადია დეპუტატები პირდაპირ ეთერში ვერ დასვამდნენ და შესაბამისად, ვერც პასუხებს ვერ მოისმენდნენ. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რაღაც სიცრუე მოიფიქრონ. მათ არ ახსოვთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც სუსმა აღკვეთა. მაგალითად ტერორიზმთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე გაზსადენის აფეთქებასთან დაკავშირებული მოვლენები. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება ჰქვია ყველამ, პოზიციამ და ოპოზიციამაც სახელმწიფოებრივად უნდა იაზროვნოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები