ბოლნისის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი ორი საწარმო საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამამ (RED), და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა CENN, ქვემო ქართლის რეგიონში ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში ორი ყველის გადამამუშავებელი საწარმოს პრეზენტაცია და ოფიციალური გახსნა მოეწყო.
ღონისძიების პირველი ნაწილი სოფელ რატევანში გაიმართა, სადაც დანიის საერთაშირისო განვითარების სააგენტოს (DANIDA), და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მიერ დაფინანსებული რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED) ის ხელშეწყობით დაფინანსებული ყველის გადამამუშავებელი საწარმო იმ „ბადრი გოგოლაძე“ საზეიმოდ გაიხსნა. თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში, ყველის წარმოების სრული ტექნოლოგიური პროცესის დემონსტრირება მოხდა.
ღონისძიება სოფელ დისველში გაგრძელდა, სადაც ეკო მიგრანტ ქალთა კოოპერატივი „დისველის“ პრეზენტაცია მოხდა. ქალთა კოოპერატივი „დისველი“, RED პროგრამისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (СENN) თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ღონისძიების მსვლელობისას მოწვეულმა სტუმრებმა RED პროგრამისა და CENN ის თანამშრომლობის წარმატებულ შედეგებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობა და პოტენციალი რეგიონში; ეკო მიგრანტების ეკონომიკური ხელშეწყობის მნიშვნელობა და ქალების როლი დარგის განვითარებაში. აქვე გაშუქდა ქვემო ქართლის ტელევიზიის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო ეკო მიგრანტ ქალთა საწარმოზე „დისველი“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი; შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SCO) რეგიონალური დირექტორი ოლივიე ბურკი; ავსტრიის განვითარების საბჭოს ADC ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი; ასევე ორგანიზატორი პროექტების RED და CENN წარმომადგენლები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი.
,,ჩვენს მუნიციპალიტეტში დღეს ოფიციალურად გაიხსნა რძის გადამამუშავებელი ორი საწარმო, რომლებიც რეგიონებში ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) თანამშრომლობით დაფინანსდა. საწარმოებში ბოლნისის სოფლებიდან შეგროვებული ნატურალური რძისგან ხდება სხვადასხვა სახის პროდუქტის წარმოება. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველა ჯანსაღი იდეა იქცეს რეალობად, მით უფრო, რომ არსებობს მრავალი მხარდამჭერი პროექტი, რომლებიც ასეთ წამოწყებებს უდგანან ფინანსურად გვერდში. საწარმოში დასაქმებულნი არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. ყოველი გახსნილი საწარმო ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები