მცხეთაში საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ გაიმართა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში 5-დღიანი საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები” გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი”; თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ა(ა)იპ „თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი”. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულმა 15-18 წლის ასაკის 37-მა მოზარდმა.
“ბანაკი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ თიკა ნებიერიძემ. მან ახალგაზრდებს დაინტერესებისა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
საზაფხულო ბანაკი საქპატენტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების გზით, ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების სფეროში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.
ბანაკის კონცეპტუალური ჩარჩო საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავდა. სასწავლო სესიებს უძღვებოდნენ საქპატენტის წარმომადგენლები – გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანუკი ობოლაძე.
ბანაკის პროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სფეროს გაცნობას, მათ შორის, გამოგონებების, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინისა და ახალი ჯიშების, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. სასწავლო სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და, ასევე, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაწარმოებების დაცვაზე.
სწავლება წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში თემატური სესიებისა და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით. საგანმანათლებლო კომპონენტის გარდა, ბანაკი მოიცავდა სოციალურ და გუნდურ აქტივობებს, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს. ბანაკის მონაწილეები ეწვივნენ საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისსაც, სადაც ადგილზე გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის პროცედურებს და სამუშაო პროცესებს. საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მონაწილეებს პირადად უმასპინძლა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის აუცილებლობაზე ესაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკურ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ეფექტიანი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს.
ბანაკის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ. ბოლოს კი მოზარდებს გადაეცათ ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
საქპატენტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივება, მათი მოზიდვა და აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო აქტივობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით, საქპატენტსა და თბილისის მერიას შორის აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური იდეების გენერირებას, ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის სტიმულირებას. აქედან გამომდინარე, წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები” ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს,”- წერია ინფორმაციაში.