საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესის პროექტი განიხილეს (ვიდეო)

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორებს შენიშვნებისა და წინადადებებისთვის უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები წარუდგინა.
ამასთან, წესით გათვალისწინებული ფრენის უსაფრთხოების ნორმების, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცეში ოპერირების სპეციფიკის გაცნობის მიზნით, 12 აპრილს სააგენტოს წარმომადგერნლებსა და დრონების ოპერატორებს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც, სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ განაცხადა, უწყების მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოება იყოს დაცული, რასაც აღნიშნული წესის პროექტი დაარეგულირებს.
როგორც საქართველოს საავიაციო სააგენტოში აღნიშნავენ, იქიდან გამომდინარე, რომ განხილვაში ორივე მხარე აქტიურადაა ჩართული მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება მეორე მხარის, ანუ ოპერატორების პოზიცია და წინადადებები. გურამ ჯალაღონიას განცხადებით, სამომავლოდ უნდა მოხდეს დრონების ინტეგრირება სამოქალაქო ავიაციის სისტემაში.
„დრონი პარალელური დარგია ავიაციაში, რომელიც დაიყო სამ ნაწილად: ღია კატეგორია, სპეციფიკური კატეგორია და სერტიფიცირებული კატეგორია. სააგენტო კი ყველანაირად ხელს უწყობს ამ დარგს, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ფრენის უსაფრთხოებაც. უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორებს პრაქტიკული გამოცდილება უფრო მეტი აქვთ, ამიტომ მათ მიერ წამოყენებული წინადადებები თავიდანვე დაგვეხმარება სამომავლო სირთულეების აღმოფხვრაში“, – განაცხადა გურამ ჯალაღონიამ.
შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ როგორ მოხდება უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების რეგულირება. საქართველო ჩიკაგოს კონვენციისა და ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმომწერია და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებები აქვს აღებული. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციებისა და საავიაციო ხელისუფლებების მიერ აღნიშნული მიმართულების რეგულირება შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: ადვილი ხელმისაწვდომობის გამო, დღითიდღე იზრდება უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელთა რიცხვი, რომლებიც არ არიან ინფორმირებული იმ შესაძლო რისკების შესახებ, რაც თან ახლავს აპარატების ოპერირებას, ასევე ბოლო წლებში შემაშფოთებლად გაიზარდა თვითმფრინავების პილოტების მხრიდან, დრონების სახიფათო მიახლოვებასთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების რიცხვი.
საქართველოში შემუშავებული წესით განისაზღვრება ის სავალდებულო უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებმა/ოპერატორებმა, იმისათვის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მათმა ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების საჰაერო ხომალდებს, ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. წესი ითვალისწინებს დრონების საფეხურეობრივ – ღია, სფეციფიკურ და სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ კატეგორიებად კლასიფიცირებას, რაც მათ მფლობელებზე ვალდებულებების და პასუხისმგებლობის პროპორციულად გავრცელების წინაპირობას ქმნის. დაინტერესებულ პირებთან ერთად სააგენტომ დამატებით იმსჯელა წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე. ყურადღება გამახვილდა ფრენის დასაშვები სიმაღლის, ავიამოდელიზმის მიმართულების განხვავებულად რეგულირებისა და სააგენტოში დოკუმენტაციის წარმოდგენის საკითხებზე.
ღია კატეგორიის უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის წესი ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის მოთხოვნები ძალაში შედის 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო სერტიფიცირების ნაწილი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. სააგენტოში აცხადებენ, რომ შეისწავლიან ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს და წესის პროექტში ცვლილებების შეტანა გამორიცხული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები