გიორგი მარგველაშვილი: გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას

გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მარგველაშვილის განმარტებით, იგი ნამდვილად არ არის იმდენად გამოუცდელი პოლიტიკოსი, რომ 2 წლით ადრე საარჩევნო კამპანია დაიწყოს.
“საკუთარი თავის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავიგე. გავიგე, რომ თურმე ტერორიზმის მხარდამჭერი ვარ, რადგან „მოსმენების კანონზე“ საკუთარი მოსაზრება კონსტიტუციურად გამოვთქვი. გავიგე, რომ თურმე ვაკონტროლებ სტრასბურგს და საკონსტიტუციო კომისიას. რატომ ჩათვალეს, რომ სტრასბურგს ან ტერორისტებს ვაკონტროლებ, ან რომ ეს საარჩევნო კამპანიაა, ეს ჩემთვის ძნელი ასახსნელია. ალბათ, ამისთვის მინდა სწორედ დიალოგი. რატომ არის საარჩევნო კამპანია? იგივეს არ ვაკეთებდი შარშან? დავდიოდი და მოსახლეობას ვთხოვდი აქტიურობას არჩევნებზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, არც სტრასბურგს აკონტროლებს და არც საარჩევნო კამპანიას ახორციელებს.
“თუ საარჩევნო კამპანიას ვატარებ, ასეთი გამოუცდელი ვარ, რომ 2 წლით ადრე დავიწყე? თუ კამპანიას ვატარებ, 2 წელი როგორ უნდა გავწელო? არ ვარ ასეთი გამოუცდელი პოლიტიკურად, რომ ასე ვერ დავგეგმო საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგი. გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას. არც ტერორისტების ხელშემწყობი ვარ. სამწუხაროდ, არც სტრასბურგს ვაკონტროლებ და არც საარჩევნო კომისიას”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები