სუს-ი: განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების პრევენცია სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია,  – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, რომლის ფარგლებში შემუშავებული და დამტკიცებულია ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია და  ეროვნული სამოქმედო გეგმა.
„უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, 2016 წლის 13 მაისს ჩატარდა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც წევრმა უწყებებმა ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ერთი    წლის    ანგარიში    წარმოადგინეს.    სხდომას    ასევე    ესწრებოდნენ  გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI), აშშ-ის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს მიერ ქბრბ უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი მაღალ დონეზე შეაფასეს.
2016 წლის გაზაფხულზე საქართველო შეუერთდა დიდი შვიდეულის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალურ პარტნიორობას.  ტოკიოში გამართულ პარტნიორობის შეხვედრაზე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა ქბრბ სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმა ასევე განხილული იყო 2016 წლის 7 დეკემბერს, ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.
საქართველოს ქბრბ უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მეტად მნიშვნელოვანია საანგარიშო წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები. 2016 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ქვეყანამ უკვე მეორედ უმასპინძლა „ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის ძალისხმევით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 30 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა. ასევე, 6-7 ოქტომბერს გაიმართა „თბილისის რეგიონული უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმი“ შავი ზღვის რეგიონში არსებული ბირთვული და რადიაციული გამოწვევების თემაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სუს-ის ცნობით, ივნისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ქართულ-ამერიკული ორმხრივი დიალოგი, სადაც ქართულმა მხარემ აშშ- თან ხელმოწერილი ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა. ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს წარმატებას აღნიშნული გეგმის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.
„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საანგარიშო პერიოდში აღკვეთილია რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი. 14 აპრილს თბილისში ამოღებულია ქარხნული წესით   დამზადებული   სპეციალური   კონტეინერი,  რომელშიც  მოთავსებული  იყო „ურან 238“ (გაღარიბებული ურანი), დაკავებულია 6 პირი. 25 აპრილს, ქ. ქობულეთში ამოღებულია 1665,5 გრ. რადიოაქტიური ნივთიერება (81 ცალი ცილინდრული ფორმის საგანი), რომელიც შეიცავდა „ურან 235“-ს და „ურან 238“-ს, დაკავებულია 6 პირი.
სუს-ი უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკურ და პროგრამულ გამართულობას. სახელმწიფო საზღვარზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების გამოვლენის სფეროში სამსახური აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მთავარი პარტნიორია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან ქვეყნის ქბრბ უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტთან, ევროკავშირის შესაბამის  სტრუქტურებთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და შვედეთის მთავრობებთან”, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები