პარლამენტის თავმჯდომარე გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო და საზოგადოებას უსამძიმრებს.
“დღეს ქართველ ხალხს დააკლდა მისი უდიდესი მოამაგე, ყველა თაობის საყვარელი მსახიობი, ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი – ბატონი გივი ბერიკაშვილი. ის ემოცია, რასაც გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული კინოროლები თუ თეატრში განსახიერებული პერსონაჟები გვგვრიდნენ, ყველა თაობისთვის დაუვიწყარია.
გივი ბერიკაშვილი გააგრძელებს ცხოვრებას მის მიერ განსახიერებულ დაუვიწყარ პერსონაჟებში. ის ამაგი, რომელიც მან გასწია ქართული კინოს და თეატრის განვითარებაში, მუდამ დარჩება მისი ერთგული მაყურებლის მეხსიერებაში.
ბატონი გივი დააკლდება არა მხოლოდ მის ოჯახს და ახლობლებს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კინო და სცენა. ვიზიარებ მისი ოჯახის, ახლობლებისა და მაყურებლის მწუხარებას“, – ნათქვამია კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები