თამარ ჩუგოშვილი ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულების პროგრესსა და სამომავლო მიდგომებზე ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

 “ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როდესაც ჩვენგან სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ევროპულმა ქვეყნებმაც კი შეიძლება ისწავლონ და გაიზიარონ გამოცდილება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომლის თემა იყო –
„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები”.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება შეფასებულია, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმულ ნაბიჯი, ვინაიდან არც პარლამენტს და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას მსგავსი დოკუმენტი მანამდე მიღებული არ ჰქონდა.

„ეს სტრატეგია იყო პირველი დოკუმენტი, რომელიც 2014 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომელიც ეროვნულ დონეზე წარმოადგენდა პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე შექმნილ მთავრობის სამუშაო გეგმას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ამ პროცესს მოჰყვა, არის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან წლიური ანგარიშების მომზადება და შემდგომ, მათი პარლამენტში განხილვა.

„ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პარლამენტიდან თვალი მივადევნოთ პროცესს – ამ ყველაფერს გარკვეულ საზედამხედველო ფუნქციის კომპონენტიც ახლავს თან,” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის მოსაზრებით, საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიში ქართულ მხარეს დაეხმარება უკეთ შეაფასოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში მოცემული აქცენტები და მათი თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობა.

„იმ პერიოდიდან, როდესაც ეს დოკუმენტი მივიღეთ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. 2012 – 2013 წლებში ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სრულიად სხვა ხარისხის პრობლემები, სრულიად სხვა გამოწვევები ჰქონდა. დღეს გვაქვს სრულიად სხვა ვითარება და სხვა მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, გარკვეულ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ შორის ამ სტრატეგიაში თუ სხვა ტიპის პოლიტიკის დოკუმენტებში, სწორედ თანამედროვე გამოწვევებზე ხდებოდეს აქცენტების გაკეთება და იმ გეგმების დასახვა, თუ როგორ შეიძლება პრობლემებთან გამკლავება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის მოდელი ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც კი საინტერესოა.

„ის მოდელი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, ერთ-ერთ საუკეთესო მიდგომად ითვლება და სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც კი საინტერესოა, რადგან ყველა ქვეყანაში ნამდვილად არ არის მსგავსი მოდელი. ბევრი ქვეყანა სწავლობს ჩვენგან. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როდესაც ჩვენგან სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ევროპულმა ქვეყნებმაც კი შეიძლება ისწავლონ და გაიზიარონ გამოცდილება, თუმცა ჩვენც, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ მათგან და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას”, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა მთავრობის ადმინისტრაციას გაწეული საქმიანობისთვის და დონორ ორგანიზაციებს დახმარებისთვის.

შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროგრესისა და სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშში აღნიშნულია მნიშვნელოვანი პროგრესი ყველა საკვანძო მიმართულებებით.

ზოგადი რეკომენდაციის გარდა, ანგარიშში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორებიცაა: მართლმსაჯულება, პენიტენციური სისტემა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის შესაძლებლობა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, მიგრანტთა უფლებები, ასევე გენდერული თანასწორობისა და მუშაობის უფლება. პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

პრეზენტაცია მხარდაჭერილი იყო USAID-ის დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები