ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო ოპოზიციას – თქვენი შავი დღე არასდროს დამთავრდება

„თქვენი შავი დღე არასდროს დამთავრდება. ბიძინა ივანიშვილმა 1-ელ ოქტომბერს შავი დღე გაგითენათ და ასე იქნება სულ”, – ასე მიმართა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპონენტებს.
გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა.
”მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების გამოსვლებს. თითოეულ გამოსვლაში ძირითადი საკითხი ეხებოდა ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანმა 1-ელ ოქტომბერს გაგითენათ შავი დღე, რომელიც არ მთავრდება და არ დამთავრდება არასდროს ამ ქვეყანაში, რადგან ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან და ქართველ ხალხთან ერთად, გააჩინა მომავლის პერსპექტივა და ასე იქნება სულ. თქვენი შავი დღე არასდროს დამთავრდება. როდესაც ვიყურებით ოპოზიციის ფლანგზე, ჩვენ ყოველთვის გვახსენდება ის პრობლემები და რეალობა, რა რეალობაშიც ამ ადამიანებმა ეს ქვეყანა ჩააგდეს. რომ არა ეს ადამიანები, დღეს ამ ქვეყანაში იქნებოდა სხვა სიტუაცია, თბილისიდან 30 კილომეტრში არ იდგებოდნენ ტანკები, მრავალი დედა და მამა ამ ქვეყანაში იცხოვრებდა ბედნიერად, შეინარჩუნებდა კერძო საკუთრებას და დღეს საქართველო იქნებოდა უკეთეს სიტუაციაში, ვიდრე ვიმყოფებით”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატმა პრეზიდენტის წლიური მოხსენებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო ”გამოსვლა გამოსვლისთვის და კრიტიკა კრიტიკისთვის”.
”მინდა გითხრათ, ბატონო პრეზიდენტო, რომ უფრო მეტს ველოდი. პრობლემების უმეტესობა, რაც თქვენ წამოჭერით, ან ჩვენი გუნდის მიერ არის გადაჭრილი ან არის გადაჭრის პროცესში. მისასალმებელია პრეზიდენტის შეგონება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გუნდს გააჩნია ამ პრობლემების და გამოწვევების გადაჭრის კონკრეტული გეგმები და ხედვები, რომელიც ვერ დავინახეთ თქვენს გამოსვლაში. არასდროს საჯარო გამოსვლაში რაიმე კონკრეტული არ შემოგითავაზებიათ. ვერ დავინახეთ კომპეტენცია ვერც თქვენს კრიტიკაში და ვერც თქვენს განცხადებებში, სამაგიეროდ, ჩვენ მოვისმინეთ სახიფათო კრიტიკა სასამართლოსთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას”, – აღნიშნა დეპუტატმა.
გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების საკითხზეც დაუმსახურებელი კრიტიკა გამოთქვა.
”სახიფათოა, როცა თქვენ, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ ქვეყნის უსაფრთხოებას და არ ენდობით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს, ეს არის სახიფათო ტენდენცია პრეზიდენტის მხრიდან. სამწუხაროდ, თქვენ არ აღმოჩნდით იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც თქვენმა წინამორბედმა წაართვა კერძო საკუთრება და თქვენ, როგორც კონსტიტუციური უფლებების გარანტი, არ აღმოჩნდით იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ელოდნენ თქვენს მხარდაჭერას და სამწუხაროდ, არჩიეთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ თამაშში მიგეღოთ მონაწილეობა. ეს არ არის ყველა მოქალაქის პრეზიდენტის როლი და ბოლოს, მიუხედავად ემოციური ფონისა, რაც აქ ითქვა, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მოღვაწეობის დარჩენილ დროში გაითვალისწინებთ და გაიხსენებთ იმ იდეალებს, რა იდეალებითაც თქვენ თითოეულ ამ ადამიანთან ერთად, დადიოდით სოფელ-სოფელ და უზიარებდით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები