ირაკლი სესიაშვილი: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბება არა პრეზიდენტის, არამედ მთავრობის პრეროგატივაა

“საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება არცთუ ისე დიდია, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ანგარიში არათანხვედრია რეალობასთან”, – ასე შეაფასა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.
მისი თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილება სცდება იმ სამუშაოს, რასაც ჰქვია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბება, რადგან ეს არის მთავრობის პრეროგატივა.
„პრეზიდენტს არა აქვს პასუხისმგებლობა მთავრობის მუშაობაზე. პრეზიდენტი წარდგეს ანგარიშით და გარკვეული მიმართულებები მოგვცეს, არასერიოზულია. იგივე მინდა ვთქვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივებზე, იმიტომ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება სცდება იმ სამუშაოს, რასაც ჰქვია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბება. ეს არის მთავრობის პრეროგატივა, იმიტომ, რომ მთავრობას პირდაპირი შეხება აქვს იმ უწყებებთან, რომლებიც განსაზღვრავენ საფრთხეებს და შესაბამისად, იმ გეგმებს, რითაც უნდა მოხდეს ამ საფრთხეების თავიდან დაძლევა“, -განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. მისი განცხადებით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა განახლდეს და უსაფრთხოების სისტემა დაიხვეწოს.
„დისკუსიის შედეგად, უნდა შევთანხმდეთ ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებას ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს. უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო – არის სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები