„იავნანა ომს“ – ახმეტელის თეატრში პრემიერა გაიმართება
9 აპრილს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა. „იავნანა ომს“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ახალგაზრდა დრამატურგის, ოთარ ქათამაძის ტექსტის მიხედვით რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, რეჟისორმა მსახიობებთან ერთად ექსპერიმენტული სპექტაკლი განახორციელა.
ომი და სამყარო, ომი ბავშვების – პატარა გოგონებისა და ბიჭების თვალით, ომის სათამაშოები, ნაომარი თოჯინები, ტანკგადავლილი კუბიკები, სათამაშო თოფები, რომელიც ნამდვილმა, ცივმა და საზარელმა იარაღებმა შეცვალა…
„უთხარით, რომ მას იცავენ, საიმედოდ იცავენ… უთხარით, რომ ცხრა მთის იქით და ცხრა ზღვას იქით სხვები არიან, იქ სიმშვიდეა და მას უღიმიან, მაგრამ არ ელიან…“
მონაწილეობენ: ვერონიკა კალანდარიშვილი, თინა გვაზავა, გიგი მიგრიაული, გიორგი ცხადაძე, ოთო ჩიქობავა.
სპექტაკლი მიმდინარეობს ცოცხალი მუსიკის თანხლებით. მუსიკალური გაფორმება ნუკრი ცისკაძისა, მხატვარი – მარიკა კვაჭაძე.