როგორ აღინიშნება თბილისში სპორტის საერთაშორისო დღე – ორგანიზატორები 8 აპრილისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობენ

​თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 8 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
დაგეგმილი აქტივობების შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, თათია დონაძემ საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა, კახა ნიკოლაძემ და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯემალ არჯევანიძემ ისაუბრეს. როგორც კახა ნიკოლაძემ განაცხადა, ღონისძება ლისის ტბის ტერიტორიაზე 11:00 საათზე დაიწყება და აქტოვობებში მონაწილეობის მიღება სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მოხალისეებსაც შეეძლებათ. მისი თქმით, ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ლისის ტბაზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტის სახეობებში მშობლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მანდატურებისგან დაკომპლლექტებული გუნდები შეეჯიბრებიან.
„8 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს თბილისშიც აღვნიშნავთ სპორტული აქტივობებით, რომელშიც ჩართული იქნება არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობა, არამედ მოწვეული სტუმრები. იქნებიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე, მოხალისეები. გვექნება სპორტის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის არის მაგიდის ჩოგბურთი, სირბილი, მინი ფეხბურთი, სამკაცა მინი კალათბურთი. გარდა იმისა, რომ მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართება, მოხალისეები შეძლებენ თამაშს. მაგიდის ჩოგბურთის ტურნირებთან დაკავშირებით, ჩვენს ორგანიზაციას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, მერიასთან თანამშრომლობის პარალალეურად. მინდა აღვნიშნო ის, რომ სკოლის ყველა სეგმენტი იქნება ჩართული. ჩვენ ჩატარებული გვაქვს მერიასთან ერთად „სამი ემი“, რაც გულისხმობს მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის ერთ გუნდში ყოფნას. წლევანდელ წელს პირველად, დავამატებთ კიდევ ერთ სეგმენტს სასკოლო თემისას – ეს არის მანდატურის სამსახური. გუნდში, წელს პირველად, ჩართულები იქნებიან მანდატურები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მანდატური იქნება მოსწავლის თანაგუნდელი და სპორტული აქტივობისთვის მასთან ერთად მოემზადება“, – განაცხადა კახა ნიკოლაძემ.
​მისი თქმით, გუნდები სკოლებმა დააკომპლექტეს. ბოლო მონაცემებით, 75 სკოლამ შეავსო შესაბამისი განაცხადი. კახა ნიკოლაძემ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის პორტალ „კვირას“, ხოლო ფინანსური მხარდაჭერისთვის თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს მადლობა გადაუხადა. საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის „ლისი დევლეოპმენდსაც, რომელმაც სპორტული ღონისძიებებისთვის ტერიტორია გამოყო.
​სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 8 აპრილს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია გარბენს ჩაატარებს. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯემალ არჯევანიძემ განაცხადა, გარბენში 500 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
„ასევე, ჩატარდება შეჯიბრი ქუჩის ფეხბურთში, ამ დროის მონაცემებით, მონაწილეობის სურვილი 25- მა გუნდმა გამოთქვა. შეჯიბრი 13:00 საათზე დაიწყება და 17 :00 საათზე დასრულდება. გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდებიან, გამოვლინდება საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი“, – განაცხადა ჯემალ არჯევანიძემ.
​თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის, თათია დონაძის განცხადებით, თბილისი მერია ყოველთვის მხარს უჭერს სპორტის პოპულარიზაციას და მოსახლეობამდე მესიჯის მიტანას, რომ სპორტი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
„მადლობა სპორტულ ორგანიზაციებს, რომ აქტიურობენ და სურთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მერია ასეთ წამოწყებებს აქტიურად უჭერს მხარს, აუცილებელია, ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ მესიჯი, რომ სპორტი ჯანმრთელობის ნაწილია . ასევე, ჩვენი სურვილია, ჩვენს სპორტსმენებს შევუწყოთ ხელი, რომ საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გაიტანონ. მადლობა პორტალ „კვირას“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის და ასევე, სასკოლო და საუნივერსიტეტო ფედერაციებს“ ,- განაცხადა თათია დონაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები