გუკა რჩეულიშვილი: როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო

“როგორ შეიძლება, დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო“, – აღნიშნული განცხადება „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გუკა რჩეულიშვილმა გლდანის N8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, მისთვის ახლა პრიორიტეტული დაზარალებულთა დაკმაყოფილება და ოჯახის წევრების გათავისუფლებაა.
„გათავისუფლების შემდეგ, ჩემთვის პრიორიტეტული დედაჩემის და დეიდაჩემის გამოსვლა და დაზარალებულთა დაკმაყოფილებაა. ორივე პრობლემას მოვაგვარებ. როგორ შეიძლება, დედაჩემი და დეიდაჩემი ისხდნენ ციხეში და მე სადმე მივიმალო?! მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი სახლში, რომელიც არ მინახავს და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი”, – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.
ამასთან, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
“მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრია”, – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუკა რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რჩეულიშვილს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურებოდა.
გურამ რჩეულიშვილს ასევე, დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი. გუკა რჩეულიშვილი ე.წ მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები