9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი „მემორიალური კონცერტი“ გაიმართება

9 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი „მემორიალური კონცერტი“ გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, იუტაკა ჰაიაში (ჩელო, იაპონია) და იაპონიაში მოღვაწე მევიოლინე და დირიჟორი – გიორგი ბაბუაძე.
გიორგი ბაბუაძე 1996 წლიდან იაპონიაში აქტიურად მოღვაწეობს, როგორც მევიოლინე, დირიჟორი და პედაგოგი. იგი ოსაკას სიმფონიურ და კანზაის ფილარმონიულ ორკესტრებთან თანამშრომლობს, როგორც კონცერტმაისტერი და დირიჟორი. ასევე განაგრძობს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას და მუშაობს ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგად. მას ფართო რეპერტუარი აქვს, როგორც სოლისტს, კამერული ანსამბლების შემსრულებელსა და დირიჟორს, იგი მოიცავს ნაწარმოებებს – სოლო ვიოლინოს ნაწარმოებებიდან დაწყებული საოპერო ჟანრის ჩათვლით. გიორგი ბაბუაძეს კონცერტები გაუმართავს არაერთ ქვეყანაში: საქართველო, იაპონია, ლატვია, იაპონია, ფინეთი, საფრანგეთი, ინგლისი, სინგაპური, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, შვეიცარია, იტალია, გერმანია, აშშ.
იუტაკა ჰაიაშიმ დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის მუსიკისა და ხელოვნების ფაკულტეტი. არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტია, მათ შორის არის ა. ტანსმანის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური და იაპონიის საერთაშორისო კონკურსები.
1993 წელს იუტაკა ჰაიაში  ოსაკას ფილარმონიული ორკესტრის პირველი ჩელო გახდა. იგი აქტიურად მოღვაწეობს, როგორც სოლისტი და კამეერული მუსიკის შემსრულებელი და ხშირად თანამშრომლობს იაპონელ და ასევე მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებთან. იუტაკა ჰაიაში ამჟამად იოჰას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კობეს კოლეჯის მიწვეული პედაგოგია.
9 აპრილს ქართველი მსმენელები იაპონელი ჩელისტის შესრულებით მოისმენენ ვ. აზარაშვილის ჩელოს კონცერტს. კონცერტზე ასევე შესრულდება პ. ჩაიკოვსკის, ე. გრიგისა და ს. ბარბერის ნაწარმოებები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები