თსუ-ში გიორგი ახვლედიანის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„დღევანდელი ღონისძიებები კიდევ ერთი დასტურია გიორგი ახვლედიანის ფასდაუდებელი ღვაწლისა ენათმეცნიერებისა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. გიორგი ახვლედიანი ითვლება ენათმეცნიერების დარგის ერთ-ერთ ჩამომყალიბებლად საქართველოში. მან წაიკითხა პირველი საუნივერსიტეტო კურსი „ენათმეცნიერების შესავალი.“ სწორედ გიორგი ახვლედიანის „ენათმეცნიერების შესავალი“ იყო პირველი სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში გამოიცა“, – აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა.
„გიორგი ახვლედიანს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქართული უნივერსიტეტის, ქართული მეცნიერების განვითარების წინაშე. დღეს უნივერსიტეტში მოღვაწეობენ მისი მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები და დღევანდელი ღონისძიება არის იმის დასტური, რომ უნივერსიტეტში თაობათა კავშირი გრძელდება“,- განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
თსუ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში მოეწყო გიორგი ახვლედიანის ნაშრომების, ფოტო და საარქივო მასალების გამოფენა. „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, წიგნთსაცავის, როგორც მაშინ უწოდებდნენ, პირველი ხელმძღვანელი გიორგი ახვლედიანი იყო. ეს ის წლებია, როდესაც იქმნებოდა დღეს უკვე უმდიდრესი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ამ საქმეში გიორგი ახვლედიანის წვლილი არის ძალიან დიდი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოვფინეთ გიორგი ახვლედიანის საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომები, რომლებიც მნახველს მიანიშნებენ, თუ რა დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ახვლედიანმა ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში“, – განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
თსუ მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის ალექსანდრე მარუაშვილის თქმით, „მუზეუმში გამოფენილია როგორც მემორიალური ნივთები, ასევე ფოტოდოკუმენტური მასალა, უნიკალური ხელნაწერები და სხვა. ამ ექსპონატების მეშვეობით ჩვენ ვცადეთ, მაქსიმალურად, თუ შეიძლება ითქვას, ფართოდ წარმოგვედგინა ის მრავალმხრივი მოღვაწეობა, რომელიც გიორგი ახვლედიანს მიუძღვის როგორც უნივერსიტეტის, ისე მეცნიერების წინაშე. ექსპოზიციაში წარმოდგენილია გიორგი ახვლედიანის ხელნაწერები, პირადი ნივთები, მიმოწერა ივანე ჯავახიშვილთან, აკაკი შანიძესთან, არნოლდ ჩიქობავასთან, სიმონ ჯანაშიასთან და სხვებთან“.
ქართული ენათმეცნიერების ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ახვლედიანის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა კონფერენცია. კონფერენციაზე ქართველმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები, უჩვენეს დოკუმენტური ფილმი „გიორგი ახვლედიანი.“ საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები