ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაიხსნება, რომელსაც „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსებს  

6 აპრილს, 11:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, მხარეები თანხმდებიან, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია „m2“ დააფინანსებს.
აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და „m2“-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი.
ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის წარდგინებებსაც უმასპინძლებს.
გიორგი კეკელიძე: „დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური მოლაპარაკება კერძო ბიზნესთან და საქართველოს მალე ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო ექნება, რომელიც მოიცავს: სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ სივრცესა და განახლებულ რეგისტრატურას. გამოფორმდება შესაბამისი მემორანდუმი. პროექტს კომპანია „m2“ დააფინანსებს. „m2“ უკვე მეოცე კერძო კომპანიაა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება. მალე წიგნის და ქართული ანბან-შრიფტის მუზეუმების (მალე გავხსნით) გვერდით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპლექსი გვექნება. ჩვენი მიზანი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკის შექმნაა. ამ ბიბლიოთეკაში ვაჟას უმთავრესი ადგილთაგანი უნდა ჰქონდეს“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები