ირაკლი გოგოლაურის ფოლკლორული ჩანაწერების – „ფრაგმენტები დღიურებიდან” წარდგინება გაიმართება
4 აპრილს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ირაკლი გოგოლაურის ფოლკლორული ჩანაწერების – “ფრაგმენტები დღიურებიდან” პირველი წიგნის წარდგინება გაიმართება.
ირაკლი გოგოლაური – საზოგადო მოღვაწე, პოეტი და ფოლკლორისტი, არაერთი წიგნის ავტორი, კრებულების შემდგენელი და გამომცემელი, ავტორი არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა…
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „ფრაგმენტები დღიურებიდან” – ირაკლი გოგოლაურის პირველი წიგნია ციკლიდან: “ფშაური პოეტური ფოლკლორი”, რომლის გამოცემაც რამდენიმე წიგნად იგეგმება.
“ფრაგმენტები დღიურებიდან” – ამ 600-გვერდიან წიგნში მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოვადგინეთ მამის დანატოვარი არქივიდან. არქივი კი, მართლაც, მდიდარია, მოიცავს ათეულობით ფოლკლორულ თუ ეთნოგრაფიულ ჩანაწერს, სამეცნიერო ხასიათის კვლევებსა თუ მონოგრაფიულ ნაშრომებს, რომელთა გამოქვეყნებასაც, როგორც მოგახსენეთ, თანდათანობით ვგეგმავთ.
წელს მამას საიუბილეო თარიღია, მას დაბადებიდან 90 წლისთავი უსრულდება და საიუბილეოდ ჩაფიქრებული გვაქვს მისი ნაფიქრალ-ნაღვაწის წიგნების სახით მკითხველამდე მიტანა. მამას სამეცნიერო ნაშრომები პირველი სერიოზული ცდაა ფშაური პოეტური ფოლკლორის სრულყოფილი შესწავლისა, ვფიქრობთ, ეს გამოცემები ერთგვარად ფშავის სავიზიტო ბარათებადაც იქცევა, რამეთუ ფშაური პოეტური ფოლკლორი ჩვენი ქვეყნის უძველესი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უტყუარი დასტურია, მკითხველს თვალსაჩინო წარმოდგენა შეექმნება ფშავზე, ღვთისშვილთა ხატ-სალოცავებით მოფენილ ამ, მართლაც, ულამაზეს და მისტიკურ კუთხეზე, რომლის უბე-კალთაშიც დაიბადა და გაიზარდა დიდი ვაჟა, სადაც ეზიარა იგი დღემდე ცოცხლად შემორჩენილ ეთნო-ფოლკლორულ ტრადიციებს, მხატვრულად სრულყოფილ, ფილოსოფიური სიღრმით დატვირთულ თუ იუმორით განათებულ საქვეყნოდ ცნობილ ფშაურ ხალხურ პოეზიას, ეს გამოცემები უდავოდ გაამდიდრებს ჩვენს ეროვნულ ფოლკლორსაც, რომელსაც კარგა ხანია თავისი საკუთვნო ადგილი უკვე უკავია მსოფლიო ფოლკლორში“, – აღნიშნავს ფეისბუქის გვერდზე ფოლკლორისტის შვილი, თამილა გოგოლაური.