სუს-ის უფროსი ევროპოლის დირექტორს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპოლის დირექტორს, რობ უეინრაითს შეხვდა.
ევროპოლის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტერორიზმის წინააღმდეგ  ბრძოლაა. შეხვედრაზე საუბარი  ამ მიმართულებით  ევროპოლსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.  ვახტანგ გომელაურმა რობ უეინრაითს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში  მიღწეული შედეგები  გააცნო.

რობ უეინრაითის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ”  შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას საქართველოს მხრიდან  ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო გახდება ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა, რაც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ ევროპოლთან, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალონ ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღონ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ევროპოლისგან მიიღონ ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ევროპოლის საქმიანობა მიმართულია ისეთ დანაშაულებთან საბრძოლველად, რომლებიც გავლენას ახდენენ ორ ან მეტ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე ან აზიანებენ ევროპის კავშირის საერთო ინტერესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები